სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერება - რას ამბობენ "ოცნებაში"?
როგორ აფასებენ "ქართულ ოცნებაში" საქალაქო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებას? - მმართველი ძალის დეპუტატები სასამართლოს გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.
არავინ ინტერესდება ამიტომ იმით, რა წერია, რა არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება. თუ არგუმენტები არის და კანონიერია საკუთრივ თავად გადაწყვეტილება წიქარიშვილის საქმეზე, მაშინ თქვენი ნარატივი არის ტყუილი. თუ ასე არ არის, მაშინ შეიძლება რაღაც სიმართლესთანაც გვქონდეს საქმე, რასაც ნაცმედია ამ ორი დღის განმავლობაში ახმოვანებს,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
კიდევ ერთი დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია.
სასამართლო არის დამოუკიდებელი ინსტანცია, არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და ის თვითონ წყვეტს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასანიშნ პირებთან დაკავშირებულ ბედს. დანარჩენი, პრეზიდენტის უფლება არის პრეზიდენტის უფლება, სასამართლო წყვეტს დამოუკიდებულად მასთან დაკავშირებულ საკითხებს, რადგანაც სასამართლო წარმოადგენს ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოს,“ - ამბობს დავით მათიკაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.