დამანგრეველი, ანტისახელმწიფოებრივი, სამშობლოს ღალატის მნიშვნელობის გადაწყვეტილება - ხიდაშელი
„ასეთი დამანგრეველი, ანტისახელმწიფოებრივი, პირდაპირი მნიშვნელობით სამშობლოს ღალატზე რომ გადის თავის არსით და მნიშვნელობით გადაწყვეტილება, არცერთ მოსამართლეს ამ ქვეყანაში არ მიუღია, სირცხვილი ამ მოსამართლეს,“ - ამის შესახებ თინა ხიდაშელი საუბრობს და „დღის ამბებში“ ეხმაურება საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ლიელა ფოლადიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება შეაჩერა.
როგორც ხიდაშელი ამბობს, მოსამართლის გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივია.
მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილს ეს კითხვა უნდა დავუსვა, რა უფლებით, რა კომპეტენციით, რა ზებუნებრივი ძალების მატარებელია, რომ თავის თავზე ვიღაც მანიაკი, კორუმპირებული კლანის მოთხოვნით, ასეთი გადაწყვეტილება აკადრა საკუთარ ქვეყანას, რომ ყველაფერი ეჭვის ქვეშ დააყენა, რასაც კი ოდესმე საკონსტიტუციო ორგანოები გადაწყვეტენ, ამ გადაწყვეტილებას მიუთითებს ყველა გიჟი, არასერიოზული ამ ქვეყნისთვის კონსტიტუციური პრობლემების შემქმნელი ადამიანი ხვალ და ზეგ, პარლამენტის მიერ მიღებულ ნებისმიერ დანიშვნით გადაწყვეტილებაზე, პრეზიდენტის, ვინც არ უნდა იყოს ხვალ და ზეგ, მიერ მიღებულ ნებისმიერ დანიშვნით გადაწყვეტილებაზე და სახელმწიფოს სისტემაში ნებისმიერ დანიშნულ ადამიანთან დაკავშირებით, ასე, ამ უპასუხისმგებლო მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოიყენებენ ხვალ და ზეგ იმისთვის, რომ ვინმეს რომ დასჭირდეს სასამართლო სისტემის ბლოკირება, ასობით სარჩელი შეიტანონ და ბლოკირება გაუკეთონ,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.