კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება - კობახიძის პირველი კომენტარი

24.07.24 11:56
კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება - კობახიძის პირველი კომენტარი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკითხი სამართლებრივია და დავის განხილვაში ვერ ჩაერევა, თუმცა ქვეყნის პრემიერის თქმით, ლოგიკურია, კონკრეტულმა "თუ ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, სარჩელი შეიტანა". 

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, აქ ორმაგ სტანდარტზეც მინდა ყურადღება გავამახვილო - თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ ექსკლუზიური კონსტიტუციური უფლებამოსილებები უნდა დარჩეს ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებებად, თუმცა პარლამენტთან მიმართებით იყო არაერთი მოთხოვნა, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში, კონკურსის წესით უნდა დანიშნულიყვნენ, არჩეულიყვნენ თანამდებობის პირები, რაც არის ნონსენსი. ამ ნონსენსის გავრცელებაში ჩართული იყო იგივე ვენეციის კომისია, ჩართული იყო ევროკომისია. სამართლებრივად ეს არის ნონსენსი. ახლა გაირკვა, რომ ამ ნონსენსს აპროტესტებენ ის NGO-ები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავის დროზე ამ ნონსენსის კანონმდებლობაში ჩაწერას ითხოვდნენ. რაც შეეხება თვითონ კონკურსს, რა ინფორმაციაც გავრცელდა და რასაც გავეცანი, არის უამრავი დარღვევა, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თავად უნდა ყოფილიყო წარდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, შეიტანა სარჩელი. მაგრამ დანარჩენი არის სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავერევით ამ დავის განხილვაში. არიან შესაბამისი უწყებები, რომლებიც განიხილავენ ამ საკითხს და მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას. ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი. თუ ვინმეს ექნება სამართლებრივი პრეტენზიები, შეუძლია საკუთარი სამართლებრივი პრეტენზიები გამოხატოს სათანადოდო ფორმით“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ   შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

 

მსგავსი სიახლეები