კრემლში ივანიშვილზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმეზე პირველი კომენტარი გაკეთდა
კრემლში ივანიშვილზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმეზე პირველი კომენტარი გაკეთდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა "ქართული ოცნებს" საპატიო თავმჯდომარეზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების ფაქტი დაგმო.
"მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, რადგან არ ვიცი დეტალები. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმას, ეს მიუღებელია. ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა არის ტერორისტული აქტი, მითუმეტეს მოქმედ პოლიტიკოსებზე, მითუმეტეს, პოლიტიკური ზეწოლისთვის უკანონო ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, მაგრამ დეტალები არ ვიცი, ამიტომ მეტს ვერ გეტყვით“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
- ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
- სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა.
- 23 მაისს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“
- მოგვიანებით მომხდარს ევროკომისარი ვარჰეიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
- 12 ივნისს სუს-ის უფროსმა აღნიშნულ თემაზე თქვა, რომ "გამოძიებისთვის სათანადო მტკიცებულებები არ არის".