სუს-ის ახალი გამოძიება - დავითაშვილი ლილუაშვილის უწყებას აქებს

25.07.24 12:49
სუს-ის ახალი გამოძიება - დავითაშვილი ლილუაშვილის უწყებას აქებს

ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაცია ხელისუფლების ოპონენტების დაკვეთაა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ საუბარი ტერორიზმის სავარაუდო შემთხვევებზეა, რომელმაც ქვეყნის, ან კონკრეტული პირის უსაფრთხოება შესაძლოა, საფრთხეში ჩააგდოს.

ლევან დავითაშვილი გმობს ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და ამბობს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ სრული ნდობა არსებობს, ამიტომ მინისტრი ირწმუნება, რომ გამოძიება წარმატებით დასრულდება.

ცალსახაა, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა უმაღლესი ხარისხისაა. ეს დადასტურდა ბოლო წლებში კანონის უზენაესობის მაქსიმალური პატივისცემის პირობებში, საერთაშორისო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებით. რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობს, ბუნებრივია, ეს არის საფუძვლიანი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. სამწუხაროა, რომ საარჩევნო, პოლიტიკურ პროცესებში ოპონენტები ყველა გზას მიმართავენ, რაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია, როცა ეს არ არის უბრალოდ კანონსაწინააღმდეგო ღონისძიებები, არამედ საქმე გვაქვს ყველაზე მძიმე დანაშაულთან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ქვეყნის ან პირის მიმართ, ეს არის ტერორიზმის სავარაუდო შემთხვევები. ამ შემთხვევაში საუბარი ნაადრევია, მე ვერ ვიქნები კომპეტენტური, რომ პროცესი შევაფასო, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, თუმცა პოლიტიკური შეფასება ცალსახად არის ძალიან პირდაპირი, ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ქმედება. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჩვენ არ გვიკვირს იმიტომ, რომ არაერთხელ ყოფილა უკანონო ქმედებები და ქვეყნის არევის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჯერ კიდევ ხდება ასეთი მიუღებელი შემთხვევები და პოლიტიკური პროცესების ძალიან დაბალი სტანდარტი. ვფიქრობ, ეს სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სწორი არჩევანი", - განაცხადა დავითაშვილმა.

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 
  • ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
  • სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა.

მსგავსი სიახლეები