დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს: ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი

25.07.24 13:53
დავითაშვილი საფრანგეთის ელჩს: ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარის მსგავსად ამტკიცებს, რომ საფრანგეთიდან პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება არ არსებობს. 

ლევან დავითაშვილს დღეს განმარტების გაკეთბა საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე მოუწია, სადაც შერაზ გასრი იმ დახმარების პაკეტზე საუბრობს, რასაც საქართველო საფრანგეთისგან იღებს.

პირველმა ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ პარლემენტის თავმჯდომარის "განცხადება მართალია" და  დასძინა, რომ საქართველო საფრანგეთიდან ფულად დახმარებას საჩუქრის სახით არ იღებს. 

მოდით განვმარტოთ, აქ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი შალვას განცხადება იყო ასევე მართალი, როდესაც საუბარი იყო, რომ ჩვენ პირდაპირ ტრანსფერებს, დახმარებებს ამ შემთხვევაში არ ვიღებთ, ანუ საჩუქრის სახით. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ უნდა დავაფასოთ ის თანამშრომლობა და პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან. მათ შორის, რა თქმა უნდა, ღირებულია ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა საფრანგეთთან და ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერები, როდესაც საუბარია დახმარებებზე, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია საკრედიტო დახმარებებზე, ეს არ არის საჩუქარი, ეს არის სესხი, აქ არის ნაციონალური ურთიერთობები ქვეყნებს შორის. ეს, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ამა თუ იმ სექტორს, მათ შორის ენერგეტიკას ეხმარება, მაგრამ, ჩენ გვესმის, რომ ამის უკან ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობები გვაქვს და ჩვენ ამ სესხებს უნდა მოვემსახუროთ", - განაცხადა დავითაშვილმა. 

  • საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირ დახმარებას საფრანგეთიც აჩერებს. მისი თქმით, მათი მხარდაჭერა გაძლიერდება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით.
  • პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელჩის საპასუხოდ ირწმუნებოდა, რომ  განცხადება საფრანგეთიდან საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარების დროებით შეჩერების შესახებ "სიმართლეს არ შეესაბამება".
  • პაპუაშვილი მედიას უმტკიცებდა, რომ საქართველოში საფრანგეთიდან პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება "არ არსებობს" და ელჩის განცხადებას "გაუგებარია".
  • გუშინ, 24 ივლისს საფრანგეთის ელჩმა შალვა პაპუაშვილის საპასუხოდ X-ზე იმ დახმარების პაკეტი გამოაქვეყნა, რასაც საქართველო საფრანგეთისგან იღებს. დახმარება მილიონობით ევროს აღწევს, ამ თანხის დიდი ნაწილი კი სამთავრობო უწყებებს აქვთ მიღებული, მათ შორის იმ პროექტებისთვის, რომლებსაც "ოცნება" რეგინებში ახორციელებდა.
  • დახმარების შეჩერებაზე განცხადება 10 ივლისს  გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც გააკეთა, მისი თქმით, გერმანია საქართველოში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს აღარ აიღებს. მეტიც,  ბუნდესტაგის წევრების თქმით, იგეგმება მოქმედი პროექტებისა და თანამშრომლობების გადახედვა.

მსგავსი სიახლეები