როცა მსოფლიოში "ემთხვევა" ბევრი მსგავსი მოვლენა ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს სუს-ი - მდინარაძე
"იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში „ემთხვევა“ ბევრი მსგავსი მოვლენა ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს, როგორც ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე საუბრობს.
მდინარაძე ეხმაურება სუს-ში დაწყებულ გამოძიებას, რომელიც სახელწმიფო გადატრიალებას და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეს ეხება.
ისინი პირველ დღეებში, როდესაც გახმიანდა ეს ამბავი, საერთოდ მალავდნენ ტერორიზმის მუხლს. ერთი წამით დაუშვით, რომ არავინ არაფერი იცოდა მათი მხრიდან, რატომ უნდა მოგაფიქრდეს ამ შემთხვევაში, რომ ორი მუხლია შენთვის ცნობილი, მოწმე ხარ, მისი ადვოკატი ხარ, ნაცი ხარ თუ მისი ტელევიზია, რომ შეთქმულების მუხლი გაამხილო და ტერორიზმის მუხლი დამალო. შემდეგ, როდესაც თავისით ინფორმაცია გახმოვანდება და სამი დღის თავზე ყველა გაიგებს, რომ ტერორიზმის მუხლიც არის, შემდეგ მალავდნენ საგულდაგულოდ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ფიგურირებდა, როგორც სავარაუდო მსხვერპლი ამ სავარაუდო დანაშაულისა, რატომ უნდა დამალო ეს ყველაფერი თუ რაღაცაში არ არის საქმე. თუ ისინი ღლიცინებენ იმაზე, რომ ადამიანის მოკვლას აპირებდა ვიღაც, საღლიცინო ამბავი არ არის, მეორე, იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში „ემთხვევა“ ბევრი მსგავსი მოვლენა ერთმანეთს, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ამას აკეთებს, როგორც ვხედავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უწყებაში ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
- ამასთან, ბოლო რამდენიმე დღეა, სუს-ი უკრაინაში მებრძოლებსა და ვეტერანებს გადატრიალების მუხლით გამოკითხვაზე იბარებს.
- სუს-ის ოფიციალური განცხადების გავრცელებიდან მალევე, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი გაიხსენა და თქვა, რომ ოლივერ ვარჰეიმ ის სწორედ "ტერაქტთან დაკავშირებით" გააფრთხილა.
- 23 მაისს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით დაემუქრა. „ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“
- მოგვიანებით მომხდარს ევროკომისარი ვარჰეიც გამოეხმაურა და თქვა, რომ სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.
- 12 ივნისს სუს-ის უფროსმა აღნიშნულ თემაზე თქვა, რომ "გამოძიებისთვის სათანადო მტკიცებულებები არ არის".