"სადამსჯელო ღონისძიება", "რეპრესიები" - არასამთავრობოები კალაძის მიერ ტვ პირველის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე
კალაძე ტვ პირველის წინააღმდეგ - მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების ქმედებებს "სადამსჯელო ღონისძიებად" აფასებენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, სამთავრობო გუნდის მაღალჩინოსნების მხრიდან კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელები ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.
ეს არის საქმეები, ეს არის ტაქტიკა, რომელიც არსებობს ავტორიტარულ ქვეყნებში, ეს არის ის მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება თითქოსდა ცდილობს ეს დემოკრატიული ანტურაჟი შეინარჩუნოს, რომ სასამართლო გზით აპირებს დადგენას სიმართლის და „ცილისწამების კამპანიის“ დაძლევას, რომელიც მათ წინააღმდეგ შეიძლება მიდიოდეს. ქმნის ამ გარემოს, რომ ჩვენ თითქოს მედია გვებრძვის, მედია გვიპირისპირდება და აი, ჩვენ უნდა დავსაჯოთ მედია ამ ფორმით.
რა თქმა უნდა, ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, ოღონდ არა დემოკრატიული ფორმით,“ - ამბობს ზვიად ქორიძე.
წინასაარჩევნო პერიოდში აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის კალაძის მხრიდან მიმართვა, მესამე სექტორში აჩენს ეჭვს, რომ მიზანი ფინანსური წნეხის გზით კრიტიკული მედიის გაჩუმებაა.
როცა წინასაარჩევნოდ ხდება ასე ფორსირებულად ამის აღსრულება, ეს ბადებს ეჭვებს, რომ მიზანი არის კრიტიკული მედია პლატფორმების გაჩუმება და ფინანსური წნეხით მათ საქმიანობაზე გარკვეული გავლენის მოხდენა. ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც ხელისუფლების ერთგული არ არის და მის სარედაქციო პოლიტიკასთან არ არის თანხვედრაში, გამოყენებული იქნება ამათ წინააღმდეგ,“ - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
რეპრესიებად აფასებს კალაძის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვას GDI-ის ხელმძღვანელი.
გარკვეულწილად რეპრესიული მიდგომაც არის, იმიტომ, რომ ერთიანად პასუხისმგებლობას აკისრებენ როგორც ჟურნალისტს, თვითონ მედიას, როგორც იურიდიულ პირს და ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ყველაფერთან ერთად დამფუძნებელსაც აკისრებენ ამ პასუხისმგებლობას და ტენდენცია არის საკმაოდ ცუდი და ეს სარჩელები ძირითადად სასამართლოს მხრიდან კმაყოფილდება,“ - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
კალაძემ "ტვ პირველის" წინააღმდეგ აღსრულება დაიწყო - ტელევიზიის ანგარიშები შესაძლოა, დაყადაღდეს. თბილისის მერის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ წარმოებულ საქმეზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვს, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
კახა კალაძე "ტვ პირველის" წინააღმდეგ - თბილისის მერის მხრიდან აღსრულების პროცედურების დაწყებას ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირებს, რომელიც ხვალ უნდა გავიდეს შაბათის ეთერში.
ცნობისთვის, 2022 წლის ნოემბერში სასამართლომ „ტვ პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს, კახი კალაძისთვის 15 ათასი ლარის გადახდა დააკისირა და ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა მოსთხოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზედა ინსტანციებმა ძალაში დატოვეს - უზენაესმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება 2023 წლის ნოემბერში მიიღო.
კახა კალაძე მორალური ზიანისთვის 100 ათას ლარს ითხოვდა. თბილისის მერი "ტვ პირველის" წამყვანს პირდაპირ ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო ედავებოდა.