"ტვ პირველთან" დაკავშირებით აღსრულების საქმეების ახლა წამოწყება რუსული კანონის ამოქმედებაზე მიუთითებს - ბეჟაშვილი

26.07.24 20:13
"ტვ პირველთან" დაკავშირებით აღსრულების საქმეების ახლა წამოწყება რუსული კანონის ამოქმედებაზე მიუთითებს - ბეჟაშვილი

"ტვ პირველთან" დაკავშირებით აღსრულების საქმეების ახლა წამოწყება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული კანონი შევიდა ძალაში და ივანიშვილის პარტია ცდილობს, ჩაახშოს თავისუფალი მედია" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ოცნების" მიზანია, რომ, მხოლოდ და მხოლოდ, სამთავრობო რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებმა იარსებოს.

“ტვ პირველთან დაკავშირებით აღსრულების საქმეების ახლა წამოწყება პირდაპირ მიუთითებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი უკვე ძალაში შეიყვანა და რეალურად ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგა. დღეს ეს ყველაფერი შეეხო ტვ პირველს, ხვალ შეიძლება შეეხოს სხვა ტელევიზიებს და ამით ბუნებრივია მედია საშუალებების ხმის ჩახშობა ხდება იმისათვის, რომ ამ ველზე დარჩეს მხოლოდ და მხოლოდ რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიები “ქართული ოცნების” სამთავრობო ტელევიზიების სახით. ამიტომ, ამას სჭირდება სერიოზული დაპირისპირება, წინ უნდა აღვუდგეთ ამ ძალმომრეობას იმისათვის, რომ მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ნახოს, რომ დღეს “ქართული ოცნება”, ივანიშვილის პარტია ცდილობს მედიის ჩახშობას.” - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

დღეს დილით თბილისის მერის ადვოკატმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვა, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას "ტვ პირველი" არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდება.

"ტვ პირველის" წინააღმდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძეც წავიდა. დავით ფაცაციამ "ტვ პირველს" იმ რეპორტაჟის გამო უჩივლა, სადაც ფაქტები აუდიტის  მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა - ფაცაცია ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში იყო მხილებული. კობახიძის სიძე თავდაპირველად ტელეკომპანიისგან, სიმბოლურად, ერთი ლარის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით, 30 ათასის მიღება მოითხოვა. ორგანიზაცია GDI-ის ცნობით, რომელიც „ტვ პირველის” ინტერესებს იცავს, დავით ფაცაციამ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.

მსგავსი სიახლეები