კობახიძის სიძე "ტვ პირველის" წინააღმდეგ - ტელეკომპანიას იძულებით აუქციონს უანონსებენ
პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძე "ტვ პირველის" წინააღმდეგ - ტელეკომპანიას სააღსრულებლო დოკუმენტი ჩაბარდა.
როგორც ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ამბობს, იმ შემთხვევაში თუ ტელევიზია ჯარიმას არ გადაიხდის, მაშინ ტელეკომპანიის ქონება დაყადაღდება და ერთ თვეში იძულებითი აუქციონი ჩატარდება. მელაძის განცხადებით, ტელევიზია უმძიმესი ფინანსური კრიზისის წინაშე დგას და კრიტიკული მაუწყებლობისთვის აუცილებელი ხარჯების დაფარვას "ძლივს ახერხებს".
მელაძის თქმით, ფაცაციას საქმე გერმანული ორგანიზაციის "თავისუფალი მედიის ევროპული ცენტრის" ანგარიშშიც მოხდა, სადაც "სლაპ საქმეებზე" იყო საუბარი, როდესაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჟურნალისტების წინააღდეგ სასამართლოში მათ დასაშინებლად აბსურდულ დავებს იწყებენ.
გეძლევათ წინადადება ნებაყოფლობითი შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში გადიხადოთ დაკისრებული თანხა, განგიმარტავთ, რომ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში გადახდილი იქნება მხოლოდ თქვენთვის დაკისრებული თანხა - 15 450 ლარი და კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდილი საფასური, მოთხოვნილი 2 პროცენტი არანაკლებ 50-ისა. მოგახსენებთ, რომ თქვენ მიერ განხორციელდება კანნით გათვალისწინებული რონისძიებები, დაყადაღდება საბანკო ანგარიშები, აღიწერება, დაყადაღედება, შეფასდება თქვენს საკუთრებაში არსებული ქონება, ქონებაზე ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში ჩატარდება პირველი იძულებითი აუქციონი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშორმლები უნდა შემოვიდნენ ტელევიზიაში, აღწერონ ტელევიზიის ქონება, ჯამში დაადგინონ მისი საბაზრო ღირებულება და საბაზრო ღირებულებაზე უფრო ნაკლებად გაიტანონ აუქციონზე," - ამბობს ნოდარ მელაძე.
ნოდარ მელაძის თქმით, "ერთ დღეში ორი აღსრულება შემოდის ტელევიზიაში" - საქმე ეხება როგორც კობახიძის სიძის მოთხოვნას, ასევე კახა კალაძის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი მიმართვას. მელაძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ "ერთგვარი კოორდინირებული ქმედებებია" ტვ პირველთან დაკავშირებით.
ეს არის მეორე ფურცელი, რომელიც ახლა გადმომიგზავნა არხის იურისტმა, ეს არის ირაკლი კობახიძის სიძე დავით ფაცაცია, რომელიც უჩიოდა ტვ პირველს ახალიამბების გამოშვებაში გასული რეპორტაჟის გამო - ეს არის 24 რიცხვით დასაბუთებული, უბრალოდ ახლა ჩაგვბარდა. ერთად შეიტანეს კალაძემ და ფაცაციამ, არ ვიცი, შეიძლება კიდევ რომელიმე დოკუმენტი გზაშია. თანხა არის ერთი და იგივე, მოსამართლე 15 ათას ლარს აკისრებს ყველა საქმესთან დაკავშირებით, ასეა მურუსიძე-ჩინჩალაძის, აშშ-ის მიერ კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მოქცეულმა სასამართლომ მიიღო, ამ შემთხვევაში ჟურნალისტების და ტელეკომპანია "პირველის" წინააღმდეგ," - ამბობს ნოდარ მელაძე.
დღეს დილით თბილისის მერის ადვოკატმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვა, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას "ტვ პირველი" არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდება.
რაც შეეხება პრემიერის სიძის სარჩელს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მაღალჩინოსანი კრიტიკული მედიის მოგუდვის სქემის მონაწილე გახდა. ირაკლი კობახიძის სიძის სარჩელის საფუძველზე “ტვ პირველს” 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
დავით ფაცაციამ "ტვ პირველს" იმ რეპორტაჟის გამო უჩივლა, სადაც ფაქტები აუდიტის მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა - ფაცაცია ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში იყო მხილებული. კობახიძის სიძე თავდაპირველად ტელეკომპანიისგან, სიმბოლურად, ერთი ლარის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით, 30 ათასის მიღება მოითხოვა. ორგანიზაცია GDI-ის ცნობით, რომელიც „ტვ პირველის” ინტერესებს იცავს, დავით ფაცაციამ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.