რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო გაიზრდება ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე - მეზვრიშვილი

26.07.24 21:31
რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო გაიზრდება ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე - მეზვრიშვილი

"რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო გაიზრდება ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე" - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი "ტვ პირველის" წინააღმდეგ დაწყებულ აღსრულების საქმეებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გუნდის წარმომადგენელი "პოლიტიკური ამბების" ეთერში ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედიის ხმის ჩახშობის მცდელობა ივანიშვილის ხელისუფლების მიერ რუსული კანონის ამოქმედებაზე მიანიშნებს.

ჩვენ რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით არჩევნებს, მით უფრო გაიზრდება ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე. არა მარტო დღევანდელი ფაქტი, არამედ გუშინდელი თავდასხმა "მთავარი არხის" ჟურნალისტზე. ეს პროცესი გაგრძელდება. რუსული კანონი არის უკვე მოქმედებაში. ამ ყველაფრის დასტურია. რეალურად, ქვეყანაში ერთადერთი კრიტიკული-თავისუფალი ხმა, რომელიც ისმის, ეს არის მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ ორ თავისუფალ ხმას დაუმიზნა "ოცნებამ" რუსული კანონი. მათი მიზანი არის თავისუფალი ხმების გაჩუმება. დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კრიტიკული მედია ქვეყანაში არსებობდეს და კრიტიკული ხმა, რომელიც დისკომფორტს შეუქმნის ხელისუფლებას, იცნობდეს. ასე იქცეოდა 2011-2012 წლებში "ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ ვნახეთ, რით დასრულდა ეს ყველაფერი. ასე დაასრულებს "ოცნებაც". მე ამაში დარწმუნებული ვარ. 26 ოქტომბერს მოქალაქეები "ოცნებას" საკადრის პასუხს გასცემენ", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

დღეს დილით თბილისის მერის ადვოკატმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვა, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას "ტვ პირველი" არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდება.

"ტვ პირველის" წინააღმდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძეც წავიდა. დავით ფაცაციამ "ტვ პირველს" იმ რეპორტაჟის გამო უჩივლა, სადაც ფაქტები აუდიტის  მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა - ფაცაცია ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში იყო მხილებული. კობახიძის სიძე თავდაპირველად ტელეკომპანიისგან, სიმბოლურად, ერთი ლარის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით, 30 ათასის მიღება მოითხოვა. ორგანიზაცია GDI-ის ცნობით, რომელიც „ტვ პირველის” ინტერესებს იცავს, დავით ფაცაციამ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.

მსგავსი სიახლეები