პაპუაშვილი გამორჩეული მატყუარა და დეზინფორმატორია, რომელიც მოძალადედაც ჩამოყალიბდა - მეზვრიშვილი
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს მატყუარებსა და დეზინფორმატორებს უწოდებს - ყოფილი პრემიერის გუნდის წევრი "პოლიტიკური ამბების" ეთერში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების დღევანდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოძალადე პიროვნებად ჩამოყალიბდა.
ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შალვა პაპუაშვილმა "ზონდერების მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ცემა-ტყეპა საჯაროდ დააანონსა".
პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ "ოცნებამ" წინასაარჩევნოდ კონკრეტული პირები დაიქირავა, რომლებმაც ივანიშვილის ხელისუფლების დავალებით აქტივისტები სცემეს.
რამდენიც არ უნდა იმეოროს კობახიძემ, რომ ჩვეულებრივი მატყუარა პრემიერი გვყავს დღეს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მან, რომ ეს არის მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, ჩვენ ვერსად გავექცევით ძალადობის იმ ფაქტებს, რომელ პროცესშიც მათ დაქირავებული არაფორმალური ზონდერები ჩართეს, მოქალაქეები აცემინეს, მათ მიმართ მუქარის ზარები განახორციელეს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, ერთ-ერთ გამორჩეული მატყუარა და დეზინფორმატორი, რომელიც როგორც ჩანს, მოძალადედაც ჩამოყალიბდა უკვე და ღიად მოუწოდა ძალადობისკენ, გამოვიდა და პირდაპირ დააანონსა ზონდერების მიერ ოპოზიციის ცემა-ტყეპა. მე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ეს არის პარლამენტის ის თავმჯდომარე, რომელმაც პირდაპირ მიუქსია აქტივისტებს რამდენიმე კვირის წინ ზონდერები და აცემინა", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა, რომ ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრები ხმაურით ჩაივლის და მოსახლეობა მათ "პასუხს მოსთხოვს".
ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს დეზინფორმაციაა.
ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია ან რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, პრაქტიკულად, ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებდა.