12-წლიანი მმართველობის თავზე "ოცნებას" სათქმელად პროპაგანდა და ცრუ დილემები დარჩა - ჯაფარიძე

26.07.24 22:06
12-წლიანი მმართველობის თავზე "ოცნებას" სათქმელად პროპაგანდა და ცრუ დილემები დარჩა - ჯაფარიძე

"ერთიანობის" ლიდერი, გია ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებებს "შიზოფრენიის ზღვრამდე მისული შეთქმულების თეორიებად" მოიხსენიებს და "პოლიტიკური ამბების" ეთერში აცხადებს, რომ პაპუაშვილის მოწოდებები სიძულვილისა და ზიზღის გამოხატულებაა.

"12-წლიანი მმართველობის თავზე "ოცნებას" მოქალაქეებისთვის სათქმელად პროპაგანდა, ცრუ დილემები და ტყუილი დარჩა" - ამბობს ჯაფარიძე და იქვე ამატებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები კრემლის ნარატივებს სრულად ემთხვევა.

დღეს ჩვენ მოვისმინეთ არჩევნებში უკვე დამარცხებული, გაკოტრებული პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მორიგი ტყუილები. ამ 12-წლიანი მმართველობის თავზე "ოცნებას" საქართველოს მოქალაქეებისთვის სათქმელად ტყუილი, პროპაგანდა, ცრუ დილემები, კონსპირაციები დარჩა. ეს არის შიზოფრენიის ზღვრამდე მისული შეთქმულების თეორიები. "ოცნების" მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სიძულვილის ენა, ზიზღის ენა, დაპირისპირება, დაყოფა. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, ერთიანობა ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის. ეს არის ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდის კოპირება. მათ კიდევ ერთხელ დააანონსეს ძალადობა. აი რა არის დარჩენილი მათ არსენალში. შიშის დათესვა, ძალადობა, ტყუილები, დაყოფა, დაპირისპირება. სხვა მათ არსენალში დარჩენილი არაფერი აქვთ. ჩვენ ამას ვუპირისპირებთ ერთიანობას. ჩვენ დავაყენებთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და დავუბრუნდებით იმ სასიცოცხლო ხაზებს, რომელიც "ოცნებამ" გაწყვიტა", - ამბობს გია ჯაფარიძე.

"ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა, ფაქტობრივად, დააანონსა, რომ ოპოზიციის მოსახლეობასთან შეხვედრები ხმაურით ჩაივლის და მოსახლეობა მათ "პასუხს მოსთხოვს". 

ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არასდროს უთქვამს, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს. შალვა პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ეს დეზინფორმაციაა.

ამასთან, მმართველი გუნდის ლიდერი ამბობს, რომ ყველას, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია ან რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, პრაქტიკულად, ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებდა.