ნებისმიერ პოლიტიკოს უნდა ახსოვდეს, რომ მედიას შეუძლია მისი გასრესა - კორძაია

26.07.24 23:22
ნებისმიერ პოლიტიკოს უნდა ახსოვდეს, რომ მედიას შეუძლია მისი გასრესა - კორძაია

"ნებისმიერ პოლიტიკოს უნდა ახსოვდეს, რომ მედიას შეუძლია მისი გასრესა" - ამის შესახებ განცხადებას პლატფორმა "ერთიანობის" წევრი, თამარ კორძაია "დღის ამბების" ეთერში აკეთებს, რომლითაც "ტვ პირველის" წინააღმდეგ დაწყებულ აღსრულების საქმეებს ეხმაურება.

თამარ კორძაია "ქართული ოცნების" ლიდერების გადაწყვეტილებას ამაზრზენს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ ნაბიჯებს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დგამდნენ.

მედიაზე თავდასხმა მნიშვნელოვანი ნიშნულია და ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში საგანგაშო მაჩვენებელია. არ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც არ გავუწევ წინააღმდეგობას მედიაზე თავდასხმის შემთხვევაში. ის ფაქტი, რომ სწორედ არჩევნების წინ მოგდით აღსრულების გადაწყვეტილება, ბევრი განზომილება. ძირითადი თემებიდან გიწევთ თავდაცვაზე გადასვლა, ამის მოგერიება, ფულის მოძიება, რაც ასევე აკლდება ტელევიზიას და მეორე, ის რომ, საერთოდ დაშინება ხდება სხვა ტელევიზიების. ხელისუფლების სურვილი არის ამაზრზენი. ღარიბაშვილის საათები ვიცით, რომ ცნობილია. საიდან გავიგეთ? თქვენი ტელევიზიიდან. ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან ასეთი ინფორმაციის გავრცელება არის ის, რომ საზოგადოების ინტერესს აკმაყოფილებთ და აკონტროლებთ ხელისუფლებას. ამ ქვეყანაში გვაქვს დიქტატურა და ერთ-ერთი კომპონენტი არის ეს, რომ თქვენ გესხმიან თავს. შევარდნაძის პერიოდს მაგონებს. ის, რასაც ახლა აკეთებენ, შევარდნაძის დროს იყო. მინისტრები დაობდნენ კერძო პირების წინააღმდეგ, იგებდნენ დავებს. ნებისმიერ პოლიტიკოს უნდა ახსოვდეს, რომ ტელევიზიას, მედიას შეუძლია მისი გასრესა", - ამბობს კორძაია.

დღეს დილით თბილისის მერის ადვოკატმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვა, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას "ტვ პირველი" არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდება.

"ტვ პირველის" წინააღმდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძეც წავიდა. დავით ფაცაციამ "ტვ პირველს" იმ რეპორტაჟის გამო უჩივლა, სადაც ფაქტები აუდიტის  მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა - ფაცაცია ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში იყო მხილებული. კობახიძის სიძე თავდაპირველად ტელეკომპანიისგან, სიმბოლურად, ერთი ლარის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით, 30 ათასის მიღება მოითხოვა. ორგანიზაცია GDI-ის ცნობით, რომელიც „ტვ პირველის” ინტერესებს იცავს, დავით ფაცაციამ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.

მსგავსი სიახლეები