"ვერ მოგერევიან" - სოფო ჯაფარიძე "ტვ პირველს"

26.07.24 23:33
"ვერ მოგერევიან" - სოფო ჯაფარიძე "ტვ პირველს"

"ვერ მოგერევიან" - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე "ტვ პირველის" წინააღმდეგ დაწყებულ აღსრულების საქმეებს.

მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი ტელეკომპანია პირველს სოლიდარობას უცხადებს და "დღის ამბების" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას კრიტიკული მედია წნეხის ქვეშ ჰყავს მოქცეული. 

ჩემი სრული სოლიდარობა თქვენ და ყველა კრიტიკულ მედიას, რომელიც "ქართულ ოცნებას" წნეხის ქვეშ ჰყავს. ყველანაირად ცდილობენ, რომ თავისუფალი სიტყვა შეუზღუდონ ჩვენს მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, რადგან კარგად იციან, რომ კრიტიკული მედიის საშუალებით ხდება ყველა იმ ფაქტის გამოაშკარავება, რასაც ისინი სჩადიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ვერ მოგერევიან, უდიდესი სოლიდარობა არის ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რადგან ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ თავისუფალი სიტყვა შეიზღუდოს ჩვენს ქვეყანაში. თუნდაც რუსული კანონი ემსახურებოდა ამას, რომ ჩვენ შეგვეზღუდოს თავისუფალი სიტყვის თქმის შესაძლებლობა, შეგვეზღუდოს ის, რომ რეალობა ვილაპარაკოთ და გავაშიშვლოთ მათი ყველა მავნებლობა, რომელსაც ყოველდღიურად სჩადიან", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

დღეს დილით თბილისის მერის ადვოკატმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვა, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას "ტვ პირველი" არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდება.

"ტვ პირველის" წინააღმდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძეც წავიდა. დავით ფაცაციამ "ტვ პირველს" იმ რეპორტაჟის გამო უჩივლა, სადაც ფაქტები აუდიტის  მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა - ფაცაცია ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში იყო მხილებული. კობახიძის სიძე თავდაპირველად ტელეკომპანიისგან, სიმბოლურად, ერთი ლარის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით, 30 ათასის მიღება მოითხოვა. ორგანიზაცია GDI-ის ცნობით, რომელიც „ტვ პირველის” ინტერესებს იცავს, დავით ფაცაციამ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.