"უხეირო დიქტატორი აპირებს, რომ უხეირო დიქტატურაში გვაცხოვროს" - ფავლენიშვილი

26.07.24 23:48
"უხეირო დიქტატორი აპირებს, რომ უხეირო დიქტატურაში გვაცხოვროს" - ფავლენიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი "დღის ამბების" ეთერში ბიძინა ივანიშვილს "უხეირო დიქტატორს" უწოდებს და აცხადებს, რომ "ივანიშვილს უხეირო დიქტატურის დამყარება სურს".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ კრიტიკულ მედიაზე თავდასხმა და მათი ფუნქციონირების შეზღუდვა რუსული კანონის ამოქმედებას ადასტურებს. 

ეს არის რუსული კანონი მოქმედებაში. ივანიშვილის დაანონსებული საქართველო. ისინი არ აპირებენ ხელისუფლების დათმობას. უხეირო დიქტატორი აპირებს, რომ უხეირო დიქტატურაში გვაცხოვროს საქართველოს თითოეული მოქალაქე. მას დაანონსებული აქვს ამ კანონის მიღების შემდგომ, რომ კანონის მოქმედება ნიშნავს ყველა თავისუფლების კუნძულის ამოძირკვას. ოპოზიციურად განწყობილ, ან ადამიანები, რომელიც საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ, ასეთი ადამიანების წმენდა არის დაწყებული. ივანიშვილს სურს უხეირო დიქტატურის დამყარება. ის უხეირო დიქტატორია", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი. 

დღეს დილით თბილისის მერის ადვოკატმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას მოითხოვა, რომელმაც ტელეკომპანიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, თუ მორალური ზიანის სახით დაკისრებულ თანხას "ტვ პირველი" არ გადაიხდის, უძრავ-მოძრავი ქონება დაყადაღდება.

"ტვ პირველის" წინააღმდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის სიძეც წავიდა. დავით ფაცაციამ "ტვ პირველს" იმ რეპორტაჟის გამო უჩივლა, სადაც ფაქტები აუდიტის  მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა - ფაცაცია ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივ ხარჯვაში იყო მხილებული. კობახიძის სიძე თავდაპირველად ტელეკომპანიისგან, სიმბოლურად, ერთი ლარის კომპენსაციას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით, 30 ათასის მიღება მოითხოვა. ორგანიზაცია GDI-ის ცნობით, რომელიც „ტვ პირველის” ინტერესებს იცავს, დავით ფაცაციამ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, სასამართლო პროცესზე ღიად განაცხადა, რომ ამით მას სურდა მედია და ჟურნალისტები გაკეთებული განცხადებებისთვის დაესაჯა.