არავის მითითება არ გვჭირდება, როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობის კუნძული - პაპუაშვილი
"არავის მითითება არ გვჭირდება, როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობის კუნძული," - ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აკეთებს და პრემიერის ირანში ვიზიტს ეხმაურება.
პაპუაშვილისთვის მიუღებელია ოპონენტების კრიტიკა პრემიერის ირანში ჩასვლას და ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით.
არანაირი ომის თანამონაწილე ჯერ ერთი, ირანი არ არის. არავის მითითება არ გვჭირდება, როგორ მოვიქცეთ სამეზობლოში და როგორ შევინარჩუნოთ მშვიდობის კუნძული ამ გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ზუსტად ის ხალხი, რომელიც აჟიტირებს ხან იქით, ხან აქეთ, ამ ხალხმა ატეხა აქ არაერთხელ ომი და დავიდარაბა - შიდა თუ გარე, ასე, რომ ასეთი ხალხისგან, ქვეყნის შიგნით და მათ შორის, ქვეყნის გარეთ მრჩევლებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ რაიმე ასეთ რჩევას ვერ ვიღებთ,“ - ამბობს პაპუაშვილი.
პაპუაშვილის თქმით, ისტორიული და დიპლომატიური ტაქტის ნაწილია, როგორც სამძიმარზე, ისე ინაუგურაციაზე ჩასვლა.
ჩვენ საქართველოს ვუყურებთ ჩვენი სამეზობლოთი. ჩვენს სამეზობლოში ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ ისტორიული ტაქტიც მათ შორის, რომ როგორც ჭირის მდგომარეობაში, ისე პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს ქართველი ხალხი იყოს წარმოდგენილი ამ პროცესში და მგონი, ქართველი ხალხი ზუსტადაც რომ მიესალმება ამას, რომ მნიშვნელოვანია მეზობლებთან ამ მხრივ ურთიერთობა,“ - ამბობს პაპუაშვილი.
საქართველოს მთავრობის ცნობით, საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ახალ პრეზიდენტს მასუდ ფეზექშიანს შეხვდა და ახლად არჩეულ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.