ცესკოსთვის მოსამზადებელი სარჩელი ემიგრანტების ხმების დასაცავად - მესამე სექტორი და emguide შეხვედრას მართავს
ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციები და emguide შეხვედრას მართავენ - მესამე სექტორი პლატფორმა emguide-ს წარმომადგენლებთან ერთად ცესკოსთვის მოსამზადებელი სარჩელის შესახებ მსჯელობს.
აუდიენციაზე განიხილავენ ყველა გზასა თუ მეთოდს, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები გაიხსნას.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, "ოცნების" მიერ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემაზე უარის თქმა უნდა გასაჩივრდეს და საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე უბნებზე ხმის მიცემის უფლება უნდა მიეცეთ.
აქტიურად ვეხმარებით ემიგრანტებს. რეგისტრაციაშიც ვეხმარებით იმისთვის, რომ სასურველი კითხვა სწრაფად პასუხგაცემული იქნეს. დავეხმარებით 26 ოქტომბერს ტრანსპორტირებაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი მოთხოვნა შესრულდეს და ის, რაც მათ კანონით ეკუთვნით, საარჩევნო უბნები გაიხსნას იმ ქალაქებში, სადაც 50-ზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირებულია. ასეთი ქალაქები არის უამრავი და ახლა სწორედ ამ თემებზე გვექნება საუბარი", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
"ქართული ოცნება" ემიგრანტებს ისევ ბლოკავს - დამატებითი უბნების გახსნაზე ხელისუფლება უარს ამბობს, საკონსულო აღრიცხვაზე კი მხოლოდ ემიგრანტების მინიმალური რაოდენობაა რეგისტრირებული.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან "ევროპული საქართველოს" მიერ გამოთხოვილი მონაცემების მიხედვით, საკონსულო აღრიცხვაზე, მხოლოდ და მხოლოდ, 64 448 ადამიანია რეგისტრირებული.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ქვეყნების მიხედვით 15 ივლისის მონაცემები კიდევ უფრო საგანგაშოდ გამოიყურება. კერძოდ, შტატებში საკონსულო აღრიცხვაზე 5 891 ადამიანი, იტალიაში 884 პირი, ხოლო პოლონეთში 612 ადამიანია რეგისტრირებული.