ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია სანქციების ავლის შავ ხვრელად, რომელიც პუტინის რუსეთს ეხმარება - ბუაძე
"ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსულ უკანა ეზოდ, სანქციების ავლის შავ ხვრელად, რომელიც პუტინის რუსეთს ეხმარება" - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე "აი ფაქტის" ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთში, საქართველოს გავლით, სანქცირებული ტვირთი შედის.
საბა ბუაძის თქმით, "ქართული ოცნება" საქართველოში ოკუპანტი რუსეთის ინტერესებს ატარებს, რომელსაც ბუაძის ვარაუდით, სურს, რომ საქართველო სანქციებისგან თავის არიდების სივრცე იყოს.
ნაცვლად იმისა, რომ საქართველო იყოს ქვეყანა, სადაც დღის წესრიგი მომართული არის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა გადააქცია რუსულ უკანა ეზოდ, სანქციების ავლის შავ ხვრელად, რომელიც ეხმარება პუტინის რუსეთს და ზუსტად ამას ადასტურებს კიდევ ერთხელ მათი ეს საქციელი. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილი პირდაპირ ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს საქართველოში, რომლის ინტერესშიც არის, რომ საქართველო იყოს სანქციებისგან თავის არიდების სივრცე", - ამბობს საბა ბუაძე.
არის თუ არა საქართველო შავი ხვრელი პუტინისთვის სანქციების გვერდის ასავლელად - "აი ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთში, საქართველოს გავლით, სანქცირებული ტვირთები უპრობლემოდ შედის.
"აი ფაქტის" საგამოძიებო მასალის მიხედვით, კომპანიებისთვის საქართველოდან სანქცირებული ტვირთების გატანა პრობლემას არ წარმოადგენს და მეტიც, "აი ფაქტის" მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, საქართველოს გავლით რუსეთში დრონები, კომპიუტერების პროცესორები, მეხსიერების ბარათები და ჯიპიესები იგზავნება.