აშშ-ში არის კითხვები რამდენად ეფექტურია ფულის საქართველოში დახარჯვა - ლორა თორნტონი

31.07.21 18:24
აშშ-ში არის კითხვები რამდენად ეფექტურია ფულის საქართველოში დახარჯვა - ლორა თორნტონი

დემოკრატიების დაცვის ალიანსის დირექტორი ლორა თორნტონი "ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას იმედგამაცრუებელ ნაბიჯად აფასებს. ამის შესახებ თორნტონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

ეს ძალიან იმედგამაცრუებელი ნაბიჯია, ამ შეთანხმებისთვის ბრძოლას თვეები დასჭირდა, ახლა კი შეთანხმებიდან გასვლა ძალიან ცუდ სიგნალს გზავნის საქართველოს დემოკრატიის მომავლის შესახებ, ეს ბოლო წლების განმავლობაში კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ხელი ყველა პარტიამ არ მოაწერა, რაც მნიშვნელოვანია ითქვას, მმართველ პარტიას ვალდებულება აქვს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება უზრუნველყოს.  ეს ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია. ევროპიდან და აშშ-დან გაკეთებული განცხადებები საქართველოსთვის  გამაფრთხილებელი სიგნალები უნდა იყოს", - ამბობს თორნტონი.

თორნტონი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს  მთავრობის  მიერ გადადგმული უარყოფითი სვლები უარყოფითად აისახოს საერთაშორისო დახმარების მიღებაზეც. თორნტონის თქმით, ვაშინგტონში უკვე აქტიურად განიხილავენ, რამდენად ღირს საქართველოში ფულის დახარჯვა.

არ ვიცი როდის მივალთ იმ წერტილამდე, როცა რაღაც გატყდება. როდის აისახება ეს უარყოფითად საერთაშორისო დამხარებაზე, ორმხრივ ურთიერთობებზე. დადგება დრო, როცა მეგობრები იტყვიან, რომ ეს უკვე საკმარისია.

ვფიქრობ, მოთმინება უკვე ილევა. საქართველოში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ დემოკრატიისა და განვითარების თვალსაზრისით. გუშინ საქართველოში რამდენიმე ორგანიზაციის შეხვედრას დავესწარი, სადაც კითხვები არის იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, რამდენად ეფექტურია ფულის საქართველოში დახარჯვა, უკეთესი ხომ არ იქნება თანხები სადმე სხვაგან დავხარჯოთ", - ამბობს თორნტონი "ამერიკის ხმასთან".