"ჩემი პატიმრობის ყოველი დღე ჯოჯოხეთია" - სააკაშვილი

02.08.24 16:51
"ჩემი პატიმრობის ყოველი დღე ჯოჯოხეთია" - სააკაშვილი

"ჩემი პატიმრობის ყოველი დღე ჯოჯოხეთია, უპირველესად იმიტომ, რომ ჩემს ხალხს ვერ ვეხმარები" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.

ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, "ქართული ოცნება" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააყალბებს, ამიტომ სააკაშვილი საზოგადოებას სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს. 

საქართველოში დაიწყება ისეთი აყვავების და განვითარების ხანა, რომელიც ჩვენს ქვეყანას არასოდეს ღირსებია; რომელიც თითქმის უკვე დაწყებული იყო, ესენი რომ არ მოსულიყვნენ. ძალა, გამოცდილება, უნარები გვაქვს და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენ ვიყავით მსოფლიო დემოკრატიის შუქურა, ახლა ვენესუელაზე უფრო ჩამორჩენილი ვართ. მორჩა მაჩანჩალობა და ხელჩამოშვებულობა, მორჩა უკან დახევა, ასევე, მორჩა თავის დახრა ძალადობისადმი!.

მე, რომელსაც ამხელა საერთაშორისო ავტორიტეტი, კონტაქტები მაქვს, რომელიც ახლა როგორც ჰაერი, ისე სჭირდება საქართველოს, მანადგურებენ და მსპობენ. ჩემი პატიმრობის ყოველი დღე - ეს იქნება კლინიკაში, თუ ციხეში, არის ჯოჯოხეთი, უპირველესად იმისათვის, რომ ჩემს ხალხს ვერ ვეხმარები. მე ყველაფერი ჩემი ხალხისთვის მინდა, ჩვენი ქართველი და ჩემი უკრაინელი ხალხისთვის.

ჩვენი ამოცანა დღეს არის მობილიზაცია, ჩვენ აუცილებლად, ჩვენს პარტნიორებთან ერთად არჩევნების შედეგებს დავიცავთ, რა თქმა უნდა, ისინი აპირებენ არჩევნების გაყალბებას. ისინი აპირებენ თავისი ციფრების დაწერას, ჩვენ ვაპირებთ ორგანიზებულად ნამდვილი ციფრების მოპოვებას, ნამდვილი ეგზიტპოლების შედეგების დადებას, სადაც ისინი წააგებენ. ამის შემდეგ ჩვენ ყველამ, ოპოზიციამ საერთო ენა კიდევ ერთხელ უნდა მოვნახოთ და ერთად გავუძლოთ ამათ შემოტევას. ისინი შეეცდებიან დაგვღალონ, სატყუარები გადმოაგდონ, დრო გაიყვანონ, ზამთარში შეგვიყვანონ, ასევე, ფიქრობენ, რომ ამასობაში იქნებ ამერიკაში, იქ, რაღაც შეიცვალოს და საქართველო ყველამ დაივიწყოს. საქართველო მსოფლიოს არ უნდა დავავიწყებინოთ! რამდენადაც ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენად ჩვენ მხარდაჭერა გვექნება. ახლა ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორმა განმარტა, რომ ვინაიდან საქმეზე მოსამართლე შეიცვალა, რომელიც მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევას იწყებს, ბრალდებულის მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა გამოიყენოს.