ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანხა გადახდილია და სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული - დონაძე

03.08.24 11:22
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თანხა გადახდილია და სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული - დონაძე

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამუშაოებზე თანხა გადახდილია და სამუშაოები არის შესრულებული უხარისხოდ" - ასე ეხმაურება კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე "ფლანგვის დეტექტორის" მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლითაც დადგინდა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების და ხიდების აგება-რეაბილიტაცია-გამაგრების 4 პროექტში თითქმის ₾6 მილიონი გადაიხადა, თუმცა სამუშაოები შეუსრულებელი დარჩა.

"ევროპული საქართველოს" წევრი "პირველებთან" აცხადებს, რომ მიუხედავად მილიონიანი ტენდერებისა, სამშენებლო სამუშაოები დაუმთავრებელია და არ არსებობს პასუხისმგებელი პირი, რომელიც საეჭვო სქემებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხებს გასცემს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამუშაოებზე თანხა გადახდილია და სამუშაოები არის შესრულებული უხარისხოდ, არის დაუმთავრებელი და პრობლემა ექმნება, როგორც ავტომობილების გადაადგილებას, ისევე ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას. სამწუხარო არის ის, რომ ამ შეუსრულებელ და ცუდად შესრულებულ სამუშაოებზე არ არის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს", - ამბობს ბესიკ დონაძე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების და ხიდების აგება-რეაბილიტაცია-გამაგრების 4 პროექტში თითქმის ₾6 მილიონი გადაიხადა, თუმცა სამუშაოები შეუსრულებელი დარჩა - ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, დადგინდა, რომ  გზების დეპარტამენტმა  4 პროექტში 5,963,922.28 ლარი გადაიხადა, თუმცა სამუშაოები ვადაში ვერ დასრულდა და კომპანია შავ სიაში შეიყვანეს. 

ირკვევა რომ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილია, 2020-2022 წლებში კერძო კომპანია შპს Georgian Bridge Construction-ს 3 სახელმწიფო ტენდერისა და 1 გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში ჯამში 13,718,221.71 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გაუფორმა.