ზურაბიშვილი VS ივანიშვილი - "ოცნება" პრეზიდენტს აკრიტიკებს და პოლიტიკურ კალიბრს უწუნებს
"ქართულ ოცნებას" იერიში საქართველოს მოქმედ პრეზიდენტზე მიაქვს - რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა "არასერიოზულად გამოიყურება".
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტს პოლიტიკურ კალიბრს უწუნებს და სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანების სასახლეში გაკეთებულ განცხადებას "დიდ შეცდომად" მოიხსენიებს.
ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა და ასე შემდეგ, მტკნარი ტყუილია.
ვფიქრობ, ინიციატივა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით ცოტა არასერიოზულად გამოიყურება. რადგან რეალურად, არც შანსი გააჩნია დებატის და მე მგონია, რომ კალიბრის გათვალისწინებითაც სერიოზულად აღსაქმელი ეს განცხადება არ უნდა იყოს. ალბათ, ამას თვითონაც ხვდება. თუ გაუმეორებთ კითხვას, კვლავაც არის მზად თუ არა, რომ დებატები მოითხოვოს, შესაძლოა შეცვალოს გადაწყვეტილება. სერიოზულად აღსაქმელი არ უნდა იყოს ეს განცხადება. როდესაც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც ფიცი აქვს დადებული, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მაღლა უნდა იდგეს, გამოდის ინიციატივით, დებატებში დაუპირისპირდეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ეს მისი მხრიდან დაშვებული დიდი შეცდომა იყო“,- აღნიშნა სარჯველაძემ.
სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს - "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ანა წერეთლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილს დებატებში, როგორც მთავარ მმართველ პირს ისე იწვევს და მისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხების მოსმენას ელოდება.