გვარამიას თქმით, სუს-ი ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა

02.08.21 01:19
გვარამიას თქმით, სუს-ი ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებზე, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებას აწარმოებდა და  ბიძინა ივანიშვილისთვის  ანგარიშებს ამზადებდა. საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.

გვარამიამ ეთერში ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელიც, მისი თქმით, სუს-მა ივანიშვილისთვის მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია  პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების პირადი ცხოვრების დეტალები.

გვარამიას თქმით, უკანონო მიყურადების ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

ერთ-ერთი საუბრის ავთენტურობა  დაადასტურა GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ.  დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელ გურამ იმნაძეს შორის. ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორ გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.