"გამოვრიცხავ! საჭიროება არ არის ამისი" - გიორგი ვოლსკი ტოტალურ მიყურადებაზე
„ქართული ოცნების“ ერთ-ერი ლიდერი, გიორგი ვოლსკი სუს-ის მიერ ფარული მიყურადებას და ტოტალურ თვალთვალს გამორიცხავს. პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ემსახურება.
გამოვრიცხავ, არ არსებობს, საჭიროება არ არის ამისი. სუს-ი დაკავებულია იმ საკითხებით, რათა თქვენ, ჩვენ უსაფრთხოდ გრძნობდეთ თავს. ესაა სუს-ის ამოცანა. ის, რომ არაფრისმთქმელი დიალოგები გამოაქვეყნა კონკრეტულმა ადამიანმა, რომელსაც ერთი სურვილი აქვს მხოლოდ, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს საქართველოში. რასკვირველია, არც ეს უნდა გაკვიკვირდეს. მე ის მიკვირს, რომ ადრე რატომ არ დაიწყო ამაზე საუბარი, - ამბობს ვოლსკი.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებზე, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებას აწარმოებდა და ბიძინა ივანიშვილისთვის ანგარიშებს ამზადებდა. საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.
გვარამიამ ეთერში ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელიც, მისი თქმით, სუს-მა ივანიშვილისთვის მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების პირადი ცხოვრების დეტალები.
გვარამიას თქმით, უკანონო მიყურადების ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.