ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ. კ.-ს ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე - არჩილ თალკვაძე
„ქართული ოცნების“ ლიდერი, არჩილ თალაკვაძე სუს-ის მიერ ფარული მიყურადების შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი არ არსებობს.
რაც ვნახეთ, ეს გახლავთ მორიგი ფეიკ-ნიუსი, ვინაიდან სინამდვილეში ჩანაწერები არ არის. ეს არის ტექსტები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაწეროს, ნ.ჯ.-მ რა უთხრა ნ. კ.-ს, ამის დაწერა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ფურცელზე, - ამბობს თალაკვაძე.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებზე, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებას აწარმოებდა და ბიძინა ივანიშვილისთვის ანგარიშებს ამზადებდა. საუბარია პირადი ცხოვრების დეტალებზე.
გვარამიამ ეთერში ის დოკუმენტი წაიკითხა, რომელიც, მისი თქმით, სუს-მა ივანიშვილისთვის მოამზადა. დოკუმენტში აღწერილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების პირადი ცხოვრების დეტალები.
გვარამიას თქმით, უკანონო მიყურადების ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.