ივანიშვილი, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ყოფილიყო, ერთ ბუტკას მაინც გადასცემდა - ქადაგიშვილი
"ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ მოსკოვში დიდძალი ქონების პატრონი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს და, მხოლოდ და მხოლოდ, ქართველი ხალხის კეთილდღეობიდან გამომდინარე მოქმედებს.
ამასთან, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი "ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდება და ამტკიცებს, რომ ერთადერთი ხელისუფალი, რომელიც რუსული ინტერესებით მოქმედებდა, მიხეილ სააკაშვილი იყო.
ეს ნარატივი ახლა იქ ადამიანი ნამყოფიც რომ იყოს 20 წლის წინ, მაინც ჩათვლით, რომ ეს არის რუსული აგენტურა საქართველოში. დამშვიდდით, ნუ ნერვიულობთ. ბიძინა ივანიშვილი, რომ რუსეთის ინტერესების გამტარებელი ყოფილიყო, ერთ ბუტკას მაინც გადასცემდა რუსეთს ამდენი ხნის განმავლობაში. მაგალითად, როგორც დემოკრატიის შუქურა სააკაშვილმა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცა. ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ტყვია არ გასროლილა პრორუსი ივანიშვილის მხრიდან, რომ რუსეთი აქ შემოსულიყო. ამიტომ დასკვნა, ხალხი ასე აკეთებს და არა ისე, რომ ვიღაცას ბინა აქვს შეძენილი, თუ მიწის ნაკვეთი და გამომდინარე აქედან, ის არის რუსი, ასე არ ითვლება", - ამბობს ქადაგიშვილი.
აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები. გამოძიება საერთაშორისო ჟურნალისტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანაავტორობით ჩაატარეს. გამოძიების თანახმად, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი, გაცილებით მეტი. ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.