რამდენი ქონებაც უნდა, იმდენი ექნება, ბევრ ქართველ პატრიოტს შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ ადგილზე რეზიდენცია - კირცხალია

09.08.24 16:06
რამდენი ქონებაც უნდა, იმდენი ექნება, ბევრ ქართველ პატრიოტს შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ ადგილზე რეზიდენცია - კირცხალია

ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კირცხალია ბიძინა ივანიშვილს ხოტბას ასხამს - რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ამტკიცებს, რომ მოსკოვში დიდძალი ქონების პატრონი ივანიშვილი პატრიოტია.

"ბევრ ქართველ პატრიოტს შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ ადგილზე რეზიდენცია" - ირწმუნება კირცხალია და TI-ის გამჭვირვალობაში ეჭვი შეაქვს. 

როგორც ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი ამტკიცებს, ქართველი ოლიგარქი გამორჩეული მოღვაწეა, რომელზეც ისტორია დაიწერება. 

როდესაც ბიძინა ივანიშვილზე ვსაუბრობთ, ბიძინა ივანიშვილი არის ქართველი, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში და რომლის პატრიოტიზმსა და ქვეყანასთან დამოკიდებულებასაც ისტორია დაწერს და უკვე დაწერა. თქვენ თუ დასდევთ მის ქონებებს, სდიეთ და ამოიღეთ რამდენიც გინდათ, სადაც უნდა, რამდენი ქონებაც უნდა, იმდენი ექნება. ძალიან ბევრ ქართველ პატრიოტს შეიძლება, ჰქონდეს ნებისმიერ ადგილზე რეზიდენცია, მიწის ნაკვეთი. რომელია საერთაშორისო გამჭვირვალობა, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გამჭვირვალობის კანონს აკრიტიკებს? ჯერ თავის გამჭვირვალობას მიხედოს და მერე გვესაუბროს", - ამბობს ირაკლი კირცხალია. 

აღმოჩენილია ივანიშვილების ოჯახის მოსკოვში მდებარე რეზიდენციები და მიწის ნაკვეთები. გამოძიება საერთაშორისო ჟურნალისტებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ თანაავტორობით ჩაატარეს. გამოძიების თანახმად, აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია, დიდი ალბათობით კი, გაცილებით მეტი. ამასთან, ივანიშვილების ოჯახი ერთ-ერთ რეზიდენციას თვეში დაახლოებით 9,000 დოლარად (დაახლოებით 800,000 რუბლი) აქირავებს და ამ გზით შემოსავალს იღებს; ხოლო თანხების განკარგვისთვის გამოყენებულია აშშ-ის მიერ სანქცირებული 2 რუსული ბანკი, ვითიბი ბანკი და სბერბანკი.  

მსგავსი სიახლეები