"მხარეებმა ხაზი გაუსვეს დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკას" - ამერიკელი პოლიტიკოსების მწვავე შეფასება "ოცნებას"
ორპარტიული ამერიკული დელეგაციის მწვავე შეფასება "ქართულ ოცნებას" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის, ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის შეხვედრის დეტალების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ივანიშვილის ხელისუფლების ბოლოდროინდელი კომენტარები "დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკად" შეაფასეს.
ოფიციალურ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეხვედრაზე სენატორმა და კონგრესმენმა ყურადღება ასევე საქართველოში მიღებულ რუსული კანონს დაუთმეს და აღნიშნეს, რომ კანონი "ქართულ დემოკრატიასა და ქვეყნის ევროპულ გზას აზიანებს".
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრისას ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.
შეხვედრისას სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მათ აღნიშნეს, რომ სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს არ არის რეგიონული ვიზიტი. სწორედ იმის საჩვენებლად და დასადასტურებლად ჩამოვიდნენ, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და განვითარებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს მუდამ ჰქონდათ და ექნებათ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რაც მთლიანად ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს. მათ მაღალი შეფასება მისცეს პრეზიდენტის პირად ძალისხმევას საქართველოს ევროატლანიკური ინტეგრაციის გზაზე.
სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა მწვავე შეფასება მისცეს მმართველი ძალის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც ,,რუსული კანონია“, რომელიც აზიანებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ გზას და ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკას.
საუბარი ასევე შეეხო ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ამომრჩევლის მობილიზების მნიშვნელობას და გააცნო ქართული ქარტია, როგორც სამოქმედო გეგმა ევროპული რეკომენდაციების მოკლე ვადაში შესასრულებლად და ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იგრძნოს აშშ-ის მხარდაჭერა. მხარეებმა ისაუბრეს მეგობარი აქტის მნიშვნელობაზე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის.
შეხვედრისას განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ოჩამჩირის პორტის საკითხი. სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა განაცხადეს, რომ აპირებენ საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს, 9 აგვისტოს ჩამოვიდნენ. ამერიკელ პოლიტიკოსებს შეხვედრა, თავდაპირველად, საქართველოს პრეზიდენტთან ჰქონდათ, რის შემდეგაც პრემიერს უნდა შეხვედროდნენ, თუმცა მათი შეხვედრა გადაიდო.
მთავრობის ადმინისტრაციიდან მედიას ეუბნებიან, რომ სენატორმა დაიგვიანა, გვიან კი მთავრობის მეთაურს არ სცალია. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ხალხის დაცვის აქტის ავტორი კანცელარიაში ხვალ მივა, საათი კი უცნობია.
ამასთან, ბაიდენის გუნდის წარმომადგენლები ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრას, სავარაუდოდ, ხვალ გამართავენ.