"პირველების" ინფორმაციით, კოალიცია "ძლიერ საქართველოს" ალეკო ელისაშვილი უერთდება

12.08.24 15:15
 "პირველების" ინფორმაციით, კოალიცია "ძლიერ საქართველოს" ალეკო ელისაშვილი უერთდება

"პირველების" ინფორმაციით, გადამწყვეტი არჩევნებისთვის, კოალიცია "ძლიერ საქართველოს" პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი შეუერთდება. 

ერთობა განახლებული ძალებით ოფიციალურად დღეს, 12 აგვისტოს, 21:00 საათზე გაფორმდება.

ალეკო ელისაშვილთან კოალიციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ამ დრომდე არ ადასტურებენ.

მათი თქმით, საზოგადოება 21:00 საათს უნდა დაელოდოს, თუმცა ამასთან, ხაზს უსვამენ, რომ გაერთიანებაში ცვლილება იქნება, რომელიც "ქართულ ოცნებაში" დიდ დისკომფორტს გამოიწვევს. 

ჩვენ ვთქვით და დავდეთ პირობა, რომ ეს პოლიტიკური ცენტრი იქნება მთავარი,  რომელიც შეიტანს წვლილ ხელისუფლების ცვლილებაში და გაძლიერდება და გაფართოვდება პოლიტიკოსებით, სამოქალაქო აქტივისტებით, საზოგადოებრივი სახეებით. ეს გრძელდება. დღეს, 9 საათზე, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოისმინონ და გაიგონ ახალი საინტერესო შეთავაზების შესახებ, რომელიც ჩვენ გვაქვს მოქალაქეებისთვის და "ქართული ოცნებისთვის" საჩუქრად, რაც მათ არ გაუხარდებათ", - ამბობს "პირველებთან" ირაკლი კუპრაძე.

ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

გაერთიანებაში ასევე შევიდნენ მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.