"ოცნების" მიერ სხვადასხვა პროგრამების წინასაარჩევნოდ დაწყება პრობლემურია - ნინო დოლიძე
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე წინასაარჩევნოდ "ოცნების" მიერ წამოწყებულ პროგრამებს პრობლემურს უწოდებს. საქმე ეხება პრემიერის მიერ რეგიონებისთვის 20 მლნ-ის გამოყოფას და ხელისუფლების მსგავს ინიციატივებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ასევე პრობლემად მიიჩნევს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე თავდასხმებსაც. დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში თანაბარი წინასაარჩევნო გარემო იყოს.
ჩვენ ვნახეთ არაერთი პროგრამის დაწყება სწორედ ამ წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას შორის და ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობთ, რომ იმისთვის, რომ თანაბარი წინასაარჩევნო გარემო იყოს პოლიტიკურ პარტიებს შორის, ასეთი პროგრამების წინასაარჩევნო პერიოდში დაწყება, რა თქმა უნდა, პრობლემურია, იქნება ეს 20 მლნ-ის გაშვება რეგიონების მიმართ თუ სხვადასხვა სტაჟირების პროგრამები თუ ა.ა.შ., რომლებიც სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში ხორციელდება. ასევე პრობლემური იყო, მაგალითად, ბოლო ორი ფაქტი, იგივე ნიკა მელიაზე ფიზიკური თავდასხმა, რომელიც ვიხილეთ. ჩვენ გუშინ განცხადებაც გავაკეთეთ, მოვუწოდეთ შესაბამის უწყებებს გამოიძიოს და რეაგირება მოახდინოს, - ამბობს ნინო დოლიძე.
"ქართული ოცნება" საარჩევნო პროცესის განზრახ დაზიანებაშია მხილებული. საია უმწვავეს დასკვნას აქვეყნებს. უფლებადამცველ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებას საჯარო მოხელეების გამოყენებით და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციით ცდილობს.