საია "ოცნებას" საარჩევნო პროცესის განზრახ დაზიანებაში ამხელს - არასამთავრობო ორგანიზაცია უმწვავეს დასკვნას აქვეყნებს
"ქართული ოცნება" საარჩევნო პროცესის განზრახ დაზიანებაშია მხილებული. საია უმწვავეს დასკვნას აქვეყნებს. უფლებადამცველ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვებას საჯარო მოხელეების გამოყენებით და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციით ცდილობს.
საარჩევნო წელს გამოიკვეთა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები. კერძოდ, მმართველი პარტიის მიერ “რუსული კანონის” კანონის მხარდასაჭერ აქციაზე წამოსასვლელად ხდებოდა სახელმწიფო და თვითმმართველობის დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა მიმართ მოწოდებები; თელავში, პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შეკრებისას, სამუშაო საათებში დაფიქსირდა შსს-ისა და მუნიციპალურ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების დასწრების ფაქტი. მათი მხრიდან მიმდინარეობდა პარტიის სააგიტაციო მოწოდებებიც.
საანგარიშო პერიოდში საგანგაშოდ გაიზარდა მთავრობის მიერ სხვადასხვა სოციალური პროგრამების გამოცხადების შემთხვევები, მათ შორის მასშტაბური ამნისტია პატიმრებისთვის, ფინანსური ვალდებულებების ჩამოწერა, სახელფასო მატება მასწავლებლებსა და საჯარო მოხელეებზე, საშტატო კადრების ზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება“, - აღნიშნულია საია-ს ანგარიშში.
სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშის თანახმად, პრობლემად სახელდება ცესკოს ფორმირების ახალი წესიც. ანგარიშში მოხვდა აქტივისტების წინააღმდეგ დაწყებული და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგებიც.
უკან გადადგმული ნაბიჯია გენდერული კვოტირების გაუქმება. საგანგაშოა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების და გადაწყვეტილების მიღების წესის ცვლილებების შესაძლო გავლენა საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობაზე.
დელეგატობის ინსტიტუტის შემოღებით, მმართველი პარტია ცდილობს, პროპორციული არჩევნების პირობებში მაჟორიტარიზმის ნიშნების დაბრუნებას, რაც კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების, წინასაარჩევნო კამპანიის, პარტიული შტაბის ლოგიკისა და პრიორიტეტების ცვლილებას იწვევს და საარჩევნო მარათონს კვლავ მაჟორიტარული არჩევნების ლოგიკასთან აახლოებს, - ნათქვამია დასკვნაში.
ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივებმა, მათ შორის “რუსული კანონის” ხელახალმა ინიცირებამ, მნიშვნელოვნად გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც საფრთხეს უქმნის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას.
„სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართულმა და სისტემურმა მადისკრედიტირებელმა კამპანიებმა გააუარესა გარემო და დემოკრატიული პროცესების განვითარებას ზიანი მიაყენა“, - განმარტავენ საია-ში.
ანგარიში ვრცლად ნახეთ აქ: