"რუსული დავალების შესრულება და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა" - გეგელია ომის გამოძიებაზე
რუსული დავალების შესრულება და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" წევრი გრიგოლ გეგელია ომის გამოძიების შესახებ "ოცნების" განცხადებას. ოპოზიციის წევრის თქმით, მმართველობის 12 წლის თავზე მსგავსი განაცხადებები არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია.
ერთის მხრივ, ეს არის რუსული დავალების შესრულება, მეორეს მხრივ, ეს არის წინასაარჩევნო კამპანიაში განწირული პოლიტიკური ძალის სამარცხვინო მცდელობა, რომ საკუთარ სახელმწიფოს წაუყენოს ბრალი, საკუთარი ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ წავიდეს და საკუთარი თავის წინააღმდეგ დასვას ის კითხვები, რომელსაც სვამს მხოლოდ კრემლი, ლავროვი და პუტინი. ამბობენ, რომ თურმე ყოფილა გამოსაძიებელი, ვიღაც ყოფილა დასასჯელი. ისმის კითხვა, რას აკეთებდნენ მაშინ 12 წლის განმავლობაში და ყველას, რა თქმა უნდა გაეღიმება, როდესაც 12 წლის თავზე მოისმენს, რომ თურმე რაღაც ყოფილა გამოსაძიებელი და კანონი ყოფილა აღსასრულებელი, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
კრემლის პროპაგანდისტული მედია ივანიშვილის გუნდის ახალ მესიჯბოქსებს ციტირებს. პუტინის პროპაგანდისტი ჟურნალისტების განხილვის მთავარ თემად "ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება გახდა, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიებას აანონსებს.