ივანიშვილის ოჯახის მოსკოვური რეზიდენციები - OCCRP "ოცნებას" პასუხობს, რომელმაც გამოძიებას "ცრუ ინფორმაცია" უწოდა
OOCRP "ქართულ ოცნებას", რომელმაც ივანიშვილის ქონებაზე მათ გამოძიებას სიცრუე უწოდა, საგანგებო განცხადებით პასუხობს.
ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი ხაზგასმით წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ უპასუხა კომენტარის მოთხოვნას, ან დაზუსტებას, თუ რომელ ინფორმაციას მიიჩნევენ მცდარად.
წერილში აღნიშნულია, რომ გამოძიება ეყრდნობა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ქონების შესახებ დოკუმენტებს და კონკრეტულად არ არის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უძრავი ქონება თავად შეიძინა.
"ქართული ოცნების პრესსპიკერის, გიორგი გრძელიშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ: ბიძინა ივანიშვილს1998 წლის შემდეგ რუსეთში უძრავი ქონება არ შეუძენია, ხოლო გამოქვეყნებული გამოძიება ცრუ ინფორმაციაზე იყო აგებული.
მიუხედავად ამისა, OCCRP-ის, ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში არ უხსენებია, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავად შეისყიდა უძრავი ქონება მოსკოვში - გამოძიება ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძის ქონებას ეხებოდა". - წერია განცხადებაში.
OOCRP-მა და მედია პარტნიორებმა 9 აგვისტოს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ცოლი რუსეთში ფლობს მინიმუმ 14.7 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მათ შორის მიწის ნაკვეთს, რომელიც მას მიმდინარე წლის დასაწყისში გადაეცა.