“ძალიანაც კარგი“ - “ოცნება“ დემოკრატიის ფესტივალის ჩაშლის გამო კმაყოფილებას ვერ მალავს

15.08.24 18:00
“ძალიანაც კარგი“ - “ოცნება“ დემოკრატიის ფესტივალის ჩაშლის გამო კმაყოფილებას ვერ მალავს

მმართველი გუნდის წევრები კმაყოფილებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ ბათუმში დემოკრატიის ფესტივალი ჩაიშლა.

როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ოდიშარია ამბობს, მართალია, არ იცის, რა მოტივით არ მისცა ორგანიზატორებს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ფართი, თუმცა, ძალიანაც კარგი ქნა.

ჩავიდოდნენ იქ და მოაწყობდნენ სეირნობას და თავიანთი მავნე მესიჯების გავრცელებას. მე არ ვიცი, რა მოტივით არ მისცა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ფართი, თუმცა, ძალიანაც კარგი. მოგიწოდებთ, რომ ამას დაარქვათ დემოკრატიის ჰელოუინი. ნახევრად ხუმრობით გეტყვით, ეტყობა მოერიდნენ იმას რომ ამ ტურისტულ სეზონზე დამფრთხალიყვნენ ამ ჩვენი აჭარის სტუმრები. ეგ ადამიანები დამნაშვეები არიან იმაში, რომ მკვეთრად შემცირდა აჭარაში ტურისტების რაოდენობა, გამოხტომებით, ტურისტების ადევნებით, ქვების სროლით. აჭარის მოსახლეობას შეიძლება საერთოდ არ ეპიტნავებოდეს ამ ჰელოუინის მონაწილეთა დანახვა“,- ამბობს ოდიშარია.

“ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი კირცხალია კი მიიჩნევს, რომ ვინც იქ შეიკრიბნენ, იყვნენ ავტოკრატიის რეჟიმის განსახიერება.

ესენი უტიფრად და დამცინავად გვეუბნებოდნენ, თქვენც მოწვეულები იყავითო. როგორ წარმოუდგენია ხალხს, ჩვენ კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან ერთად გამოვეფინებოდით ამათ დაფინანსებულ მარაზმსა და სისულელეზე?“, - ამბობს კირცხალია.

დემოკრატიიის ფესტივალი, რომელიც 17 აგვისტოს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო, ჩაიშალა.  ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სივრცეებს აღარ დაუთმობს. უარი მიიღეს ფართის მიქირავებაზე კერძო პირებისგანაც.

ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ “ოცნება“ გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებით შეშინებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარ ამომრჩეველებს ვერ შეხვდნენ.