“ოცნება“ პანიკურ შიშშია, ეშინია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების და ოპოზიციის“- რატომ ჩაიშლა ბათუმში დემოკრატიის ფესტივალი
დემოკრატიიის ფესტივალი, რომელიც 17 აგვისტოს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო, ჩაიშალა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სივრცეებს აღარ დაუთმობს. უარი მიიღეს ფართის მიქირავებაზე კერძო პირებისგანაც.
როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი მიიჩნევს, უარის მიზეზი ფესტივალის შინაარსი გახდა:
ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად უშლის ხელს და ეწინააღდმეგება დემოკრატიის ფესტივალის ჩატარებას. 1 თვით ადრე გავუგზავნეთ ადგილობრივ ხელისუფლებას მუნიციპალურ ტერიტორიაზე ღონისძიების გამართვის მოთხოვნები, თუმცა, სამწუხროდ, რეაგირება ამას არ მოჰყოლია. კერძო სექტორიც არ დაგვიდგა მხარში, მათგან დადებითი პასუხი არ მიგვიღია ლოკაციის გამოყენებაზე. ფესტივალის შინაარსიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, მოგვდიოდა უარი ყველა ლოკაციზე“,- ამბობს მაია მაჭავარიანი.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ოცნება“ გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნებით შეშინებულია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარ ამომრჩეველებს ვერ შეხვდნენ.
თურმე მთელს ბათუმში არ გამოინახა სივრცე, რომელიც მზად იქნებოდა ემასპინძლა დემოკრატიის ფესტივალისთვის, სადაც პოლიტიკური პარტიები და საქართველოს მოქალაქეები მიიღებდნენ მონაწილეობას, გაცნობოდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, ეს არის სიგნალი, რომ “ოცნებას“ ეშინია იმ ყველაფრის, სადაც დომინირებს დემოკრატია“, - აცხადებს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე.
ისინი მიიჩნევენ, რომ “მმართველ ძალას ქართველი ხალხისთვის არაფერი აქვს სათქმელი და პირდაპირ საუბარს ვერ ახერხებენ.“
ხელისუფლების პარტია მიწვეული იყო ამ ფესტივალზე, საერთოდ არ მიკვირს რომ არ და ვერ იღებენ მონაწილეობას, რადგან სათქმელი არაფერი აქვთ ქართველი ხალხისთვის და გარდა დადგმული ვითარებისა, ისინი პირდაპი საუბარს ვერსად ახერხებენ“, - ამბობს „კოალიცია“ ძლიერის “საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ცუცქირიძე .
კერძო სექტორის შანტაჟზე საუბრობს, “ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ბაქრაძე და აცხადებს, რომ “ოცნებას“ სურვილია, ყოველმხრივ შეზღუდოს თავისუფალი აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
კერძო ბიზნესიც ისე დააშანტაჟეს, რომ ყველამ უარი თქვა მიეცათ სივრცე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ “ქართულ ოცნებას“ არ უნდა ოპოზიციას ჰქონდეს საშუალება, დაელაპარაკოს საზოგადოებას, გააცნოს საკუთარი პოზიცია და უნდა შეზღუდოს ყოველმხრივ თავისუფალი აზრთა გაცვლა-გამოცვლა“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.
“ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ “ოცნება“ პანიკურ შიშშია, ეშინია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების და ოპოზიციის.
ფესტივალი დაახლოებით 1 თვის გნმავლობაში სხვადასხვა რეგიონში ტარდებოდა, მისი მიზანი პოლიტიკური პარტიების ამომრჩეველთან შეხვედრა იყო.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების, არასამთავრობო სექტორის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ხელოვანები, არტისტები და მცირე და საშუალო მეწარმეები, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიაც.