მორიგი სკანდალური განცხადება კრემლიდან აგვისტოს ომზე - რას ამბობს ვოლსკი
მორიგი სკანდალური განცხადება კრემლიდან აგვისტოს ომზე - "ქართული ოცნების" წევრი, გია ვოლსკი ამბობს, რომ "რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თავად აწყობს.
ივანიშვილის გუნდის წევრი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ისევ ღალატში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ ქართული მხარის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყება "მოღალატეობრივი ნაბიჯი" იყო.
რუსეთის წარმომადგენელი ილაპარაკებს ისე, როგორც თავად აწყობს, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომელთა დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული პოზიცია. რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი. ეს არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან რა მიზეზითაც მოხდა ეს ყველაფერი. რამ განაპირობა ეს მოღალატეობრივი ნაბიჯი, ამ თემაზეა საუბარი. არსებობს რეალური, საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს იყო გარკვეულ გათვლაზე გაკეთებული ქმედებები, რომელიც დღეს რომ შეამჩნიეს, რომ პასუხისმგებლობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, დაიწყეს ამაზე საუბარი. თორემ ის თემა, რომ რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია და შემოიჭრა, ეს უკვე დავამტკიცეთ ჩვენ სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოში", - ამბობს ვოლსკი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების", კრემლის პროპაგანდისტებისა და გაეროში რუსეთის წარმომადგენლის შემდეგ, განცხადებას ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აკეთებს.
ნიკოლაი პატრუშევი აგრესიაში საქართველოსა და დასავლეთს ადანაშაულებს და რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "ქართველ ხალხს ამერიკელების ქმედებებით სატანჯველი მიადგათ".
მეტიც, პატრუშევის მტკიცებით, საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის არსებობა აშშ-ის ბრალია.