"როგორც ჩანს, "ოცნების" შემდეგი დავალებაა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესს ხელი შეუწყონ" - სამადაშვილი

16.08.24 13:25
"როგორც ჩანს, "ოცნების" შემდეგი დავალებაა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესს ხელი შეუწყონ" - სამადაშვილი

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კრემლის განცხადებების პარალელურად, "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ვარაუდობს, რომ "ოცნების" დავალებაა, "მსოფლიოში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესს ხელი შეუწყოს". 

სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვისა და "ოცნების" მსგავსი რიტორიკა ემსახურება ერთს, რომ კრემლმა ივანიშვილის გუნდისგან მიიღოს დასტური, რომ აგვისტოს ომი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ჯდებოდა.

როგორც ჩანს, შემდეგი დავალება ის არის, რომ ხელი შეუწყონ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პროცესს მსოფლიოში და რუსეთისთვის ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ დაიმოწმოს საქართველოს ხელისუფლება, რომ 2008 წელს მისი სამხედრო აგრესია იყო გამართლებული და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ჯდებოდა. რეალურად, კობახიძე ამ პოზიციას აჟღერებს, როდესაც ის საუბრობს დღეს. როგორც ჩანს, დავალება მისმა უფროსებმა მოსკოვში მისცეს, რომ მოამზადონ საფუძველი იმისთვის, რომ საერთოდ ჩამოიშალოს ის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩო, რაც შეიქმნა არაღიარების პოლიტიკისთვის ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ამას უწყობს ხელს ის განცხადებები, რასაც "ოცნება" აკეთებს", - ამბობს სამადაშვილი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების", კრემლის პროპაგანდისტებისა და გაეროში რუსეთის წარმომადგენლის შემდეგ, განცხადებას ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აკეთებს. 

ნიკოლაი პატრუშევი აგრესიაში საქართველოსა და დასავლეთს ადანაშაულებს და რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "ქართველ ხალხს ამერიკელების ქმედებებით სატანჯველი მიადგათ". 

მეტიც, პატრუშევის მტკიცებით, საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის არსებობა აშშ-ის ბრალია.