კრემლი და "ოცნება" სინქრონში მოქმედებენ, მზად არიან ყველაფრისთვის, ოღონდ ქვეყნის ძარცვის უფლება შეინარჩუნონ - ვაშაძე
""ოცნება" საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, როდესაც რუსეთს მტკიცებულებებს აძლევს" - ასე ეხმაურება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ივანიშვილის გუნდის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში ქართული მხარის დადანაშაულებას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ოცნება" "ქვეყნის ძარცვის უფლების შენარჩუნების მიზნით, რუსეთთან სინქრონში მოქმედებს".
ჰააგა, სტრასბურგი, ყველას დადგენილი აქვს, რომ 2008 წლის ომში დამნაშავე არის რუსეთი. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ჩვენს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ამის რევიზიას ახდენს, აძლევს მეტ მტკიცებულებას რუსულ მხარეს, ჩადის ირანში და ხელს ართმევს იმ ადამიანებს კობახიძე, რომლებმაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარეს. სინქრონში მოქმედებენ, მზად არიან ყველაფრისთვის, ოღონდ ქვეყნის ძარცვის უფლება შეინარჩუნონ", - ამბობს ვაშაძე.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების", კრემლის პროპაგანდისტებისა და გაეროში რუსეთის წარმომადგენლის შემდეგ, განცხადებას ამჯერად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აკეთებს.
ნიკოლაი პატრუშევი აგრესიაში საქართველოსა და დასავლეთს ადანაშაულებს და რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ "ქართველ ხალხს ამერიკელების ქმედებებით სატანჯველი მიადგათ".
მეტიც, პატრუშევის მტკიცებით, საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორიის არსებობა აშშ-ის ბრალია.