"რაღაცა საქმეს კერავენ" - ქადაგიშვილი ივანიშვილების მოსკოვური ვილების სკანდალზე
რაღაცა საქმეს კერავენ...ეს არის „ფეიკ“ გარემოს შექმნა - ასე გამოეხმაურა "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, ივანიშვილების მოსკოვში არსებული ქონების შესახებ OCCRP-ის სკანდალურ გამოძიებას.
ქადაგიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს რუსეთში მიწის ნაკვეთის შეძენის არანაირი ინტერესი არ აქვს და ამ „ფეიკ“ გარემოს შექმნის მთავარი მიზანი, მმართველი პარტიის წევრების დასანქცირებაა.
„მიზანი უნდა იყოს რამენაირად ნათელი, რა ინტერესი აქვს ბიძინა ივანიშვილს, ან მის ოჯახს რუსეთში მიწის ნაკვეთის შეძენის, რაღაცა ალოგიკურობასთან გვაქვს საქმე. აქ შეიძლება საქმე გვქონდეს უკვე არსებულ, რაღაც ძველი ქონების სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან. ეს ახლა ისეთივე თემაა, რომ ქოლცენტრებს კეზერაშვილი კი არა ივანიშვილის მართავს. რაღაცა საქმეს კერავენ, რადგან არანაირი შინაარსი იმაში, რომ მიწის ნაკვეთი შეიძინო, არ ჯდება ლოგიკაში. ეს არის „ფეიკ“ გარემოს შექმნა, ამ პროპაგანდისტული შემოტევებით, რა არის ეს მიზანი, რასაც ოპოზიცია თავის კურატორებთან ერთად იძახის, რომ იქნებ როგორმე დაგვასანქცირონ“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
OCCRP-მა "ოცნების" განცხადებების შემდეგ ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც დგინდება, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთში ქონებას ნამდვილად ფლობს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს ამონაწერი რუსეთის ერთიანი რეესტრიდან. დოკუმენტით ირკვევა, რომ ოლიგარქის მეუღლემ უძრავი ქონება მოსკოვში 2024 წლის 19 აპრილს გადაიფორმა.
ასევე ნახეთ: