საქართველოს პრემიერ-მინისტრის ციტატებით აჭრელებული რუსული მედია - რას წერენ კრემლის პროპაგანდისტები?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ციტატებით აჭრელებული რუსული მედია - კრემლის პროპაგანდისტული გამოცემები ირაკლი კობახიძის იმ ბრიფინგით არიან აღფრთოვანებულები, სადაც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე მსჯელობა 2030 წლისთვის გადაიწევს.
რუსული სამთავრობო მედიები ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე დაყრდნობით წერენ, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანების საკითხი ფუნდამენტური არ არის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყნისთვის არ არის მნიშვნელოვანი, თუ როდის გაიხსნება რესპუბლიკისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები.
"ეს ჩვენთვის ფუნდამენტური არ არის", - თქვა პოლიტიკოსმა. მისივე თქმით, 2022 წელს საქართველოს ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, ერთი წლის შემდეგ მიენიჭა და მოლაპარაკებების დაწყების თემა შანტაჟად არ შეიძლება გამოვიყენოთ", - წერს რუსული მედია.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მზაობა არ გააჩნია და 2030 წელი ის თარიღია, როდესაც სახელმწიფო პოლიტიკური ნაბიჯისთვის მზად იქნება.
"არის რაღაც პატარა თამაშები, რის გამოც 2022 წელს კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, თუმცა 2023 წელს მაინც მივიღეთ" - ამბობს კობახიძე და აღნიშნავს, რომ "მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ასეთი თამაშები შანტაჟისთვისაც არ გამოდგება".
ამასთან, რუსული კანონის მიმღები პრემიერი ამტკიცებს, რომ უკრაინა და მოლდოვა, რომელთაც ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაეხსნათ, ევროპულ ღირებულებებს შორდება, ხოლო საქართველო, რომელთანაც ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინა, ევროკავშირს უახლოვდება.