რატომ შედგა დიდი ერთობა გირჩი-დროა-ახალის გაერთიანებაში? - რას ამბობს დავით ბერძენიშვილი
რატომ შედგა დიდი ერთობა გირჩი-დროა-ახალის გაერთიანებაში? - "რესპუბლიკური პარტიის" წევრი, დავით ბერძენიშვილი "დღის ამბების" ეთერში განმარტავს, რომ დღევანდელ რეალობაში "რესპუბლიკელები" იმდენად ძლიერი პოლიტიკური ძალა არ არის, რომ ქართულ პოლიტიკაში გადამწყვეტი როლი ეთამაშა.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, კოალიციაში გაერთიანება სწორედ იმ მიზეზმა განაპირობა, რომ პარტიაში არსებული ხარვეზები "რესპუბლიკელებს" არ მისცემდა იმის საშუალებას, 2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე მონაწილეობა დამოუკიდებლად მიეღო.
ეს ურთიერთშეთახმებული გადაწყვეტილებაა და მოულოდნელი არ იყო. ჯერ კიდევ შარშან ამ დროს დავიწყე ლაპარაკი დიდ გაერთიანებაზე, ვლაპარაკობდი "ნაციონალურ მოძრაობის" პლატფორმაზე, გახარიას პლატფორმაზე და სხვების დიდ გაერთიანებაზე. მთლად ერთ გაერთიანებამდე საქმე ვერ მივიდა, მაგრამ ორამდე მივიდა. ერთი არის კოალიცია "ცვლილებებისთვის", მეორე არის გაერთიანება, რომლის ფლაგმანიც არის "ლელო" და მათაც წარმატებას ვუსურვებ. ნაცმოძრაობის ბლოკს წარმატებას ვუსურვებ, გახარიას წარმატებას ვუსურვებ. ამ ოთხი ფლანგიდან კოალიცია "ცვლილებებისთვის" არის ჩვენი რჩეული და მათი რჩეულიც ვართ ჩვენ. "რესპუბლიკური პარტია" დღეს არ არის იმ მდგომარეობაში, რომ რაიმე გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ჩვენი არ ყოფნა ქართულ პოლიტიკურ სივრცეს წაადგებოდა", - ამბობს დავით ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, დღეს, 18 აგვისტოს, ახალი პოლიტიკური ერთობა შედგა - კოალიცია "ცვლილებებისთვის" პარტია "რესპუბლიკელები" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" ოფიციალურად შეუერთდნენ.