"გამოძიების დაწყებას არ აპირებენ" - რა უთხრეს მეზვრიშვილს გაბიტაშვილის უწყებაში
გამოძიების დაწყებას არ აპირებენ - ამის შესახებ პროკურატურიდან გამოსულმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
გიორგი გახარიას გუნდის წევრმა პროკურატურა რამდენიმე წუთის წინ დატოვა და ახალი გენერალური პროკურორი გულგრილობასა და ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაში დაადანაშაულა.
პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ უწყებაში გამოკითხვის დროს არაფორმალური თანამშრომლობა შესთავაზეს და გამოკითვაში მონაწილეობა ისე მოსთხოვეს, რომ საქმეზე პროკურატურას ოფიციალური გამოძიებაც კი არ დაუწყია.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ, პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება გააჟღერეს, გამოძიების დაწყებას არ აპირებენ. პროკურატურას უნდოდა, რომ მე მონაწილეობა მიმეღო გასაუბრებაში ისე, რომ მას გამოძიება არ დაუწყია. ბუნებრივია, ამას კანონი არ ითვალისწინებს. მათ ამ პროცედურის ჩატარება უნდოდათ იმიუტომ, რომ შალვა პაპუაშვილის მფარველობა გაადვილებოდათ. მე უნდა მივხმარებოდი მათ შალვა პაპუაშვილის მფარველობაში და შალვა პაპუაშვილის ძალადობის წინააღმდეგ გამოძიების არ დაწყებაში. მე ვუთხარი, დაიწყეთ გამოძიება. განცხადებებზე არსებობს გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველი. დანაშაულზე პროკურატურას აქვს გამოძიების დაწყების ვალდებულება. როგორც კი დაიწყებთ ოფიციალურ გამოძიებას, მე აქ მოვალ და გასაუბრების ფარგლებში მოგცემთ ჩვენებას როგორც მოგეცით", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურას ოფიციალური განცხადებით დაახლოებით ერთი თვის წინ მიმართა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 236 პრიმა მუხლით გამოძიების დაწყებას სთხოვს.
მეზვრიშვილი აცხადებს, რომ პაპუაშვილის განცხადება წინასაარჩევნოდ ძალადობის წახალისება და მუქარის დაანონსებაა, ამიტომ საჭიროა, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივლისში პაპუაშვილმა განაცხადა: რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდეს ოპოზიცია, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ?