სუს-ი ოტობაიაში, დე ფაქტო აფხაზეთის მხრიდან მესამე პირის დაკავებასაც ადასტურებს
სუს-ი ოტობაიაში, დე ფაქტო აფხაზეთის მხრიდან მესამე პირის დაკავებასაც ადასტურებს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სუს-ის თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით შემდგარი კომუნიკაციის შედეგად დამატებით გაირკვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნულ სოფელში უკანონოდ იქნა დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
კერძოდ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, ცხელი ხაზით აღნიშნული დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაშიც, ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“ და უკანონოდ დაკავებულ პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“.
როგორც წინა განცხადებაშიც აღინიშნა, ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, წარმოებს პერმანენტული კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ინფორმაცია მიეწოდება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს", - წერს სუს-ი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მესამე დაკავებული არჩილ სექანიაა. სამივე დაკავებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა ე.წ. სასამართლომ უკვე მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქე, სოფელ ოტობაიაში მცხოვრები მურთაზ და რუსლან ჭითანავები დააკავა. დე ფაქტო უწყების ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე ე.წ საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.
ასევე ნახეთ:
- სამწუხაროდ, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია დეფაქტო აფხაზეთის მიერ ქართველების დაკავებას.
- საქართველოს პრეზიდენტი, "ოცნების" წევრის, ბექა ოდიშარიას აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.