ბოდვების ახალი სერია - მეზვრიშვილი "ოცნების" მიერ მოსამართლე არეშიძეზე მიტანილ იერიშზე

21.08.24 17:44
ბოდვების ახალი სერია - მეზვრიშვილი "ოცნების" მიერ მოსამართლე არეშიძეზე მიტანილ იერიშზე

"ბოდვების ახალი სერია" - ასე აფასებს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი "ქართული ოცნების" მიერ მოსამართლე ეკა არეშიძეზე მიტანილი იერიშს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდისთვის მისაღები არა დამოუკიდებელი ადამიანები, არამედ გავლენის ქვეშ მოქცეული მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანია. 

როგორი დამოუკიდებლებიც იყვნენ წარსულში, ისეთი დამოუკიდებლები დარჩნენ დღეს. ასეთი ხალხი მიუღებელია "ოცნებისთვის". მათთვის მისაღებია ჩინჩალაძე-მურუსიძე და მათი გავლენის ჯგუფი, შესაბამისად ყველაფერი გასაგებია. მე ვფიქრობ, რომ მათ უნდათ ამ რაღაცა თემაში სასამართლოს შემოყვანა, ამ რაღაცა გლობალური ომის პარტია, თითქოს რაღაცა გადატრიალებები იგეგმება, ამაში უნდათ რომ შემოიყვანონ სასამართლოც უცხოელ პარტნიორებთან ერთად და ბოდვების ახალი სერია შესთავაზონ საზოგადოებას", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

ცნობისთვის, მმართველი პარტიის მიერ გუშინ, 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენებია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, რომელსაც საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესები მოჰყვა, მათ შორის, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა. 

„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეკა არეშიძემ გამოიტანა საეჭვო გადაწყვეტილება, რამაც „რევოლუციური პროცესები“ განაპირობა.

მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ „მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია”.

ეკა არეშიძე ერთ-ერთია იმ 5 მოსამართლეს შორის, რომელმაც 2022 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.