ჩემთვის, რუსული კანონის აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილებაც სადღაც პოლიტიკური იქნება - ზურიაშვილი

21.08.24 17:31
ჩემთვის, რუსული კანონის აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილებაც სადღაც პოლიტიკური იქნება - ზურიაშვილი

"სტუდია მონიტორის" ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღეს, "ესეც სადღაც პოლიტიკური იქნება".

ზურიაშვილი ფიქრობს, რომ ამით დადასტურდება, რომ "ოცნებამ" ის საფრთხე გაიაზრა, რაც რუსული კანონის მიღებამ არჩევნებზე შეიძლება შეუქმნას. 

ისეთი დიდი მიტინგები და საპროტესტსო აქციები გადავიტანეთ, იმდენი რეკომენდაცია მიიღო ხელისუფლებამ, არაფერი არ გაითვალისწინა, შესაბამისად, არც ახლა მაქვს იმედი, და თუ გადაწყდა საჩვენოდ და თუ შეაჩერებენ კანონის აღსრულებას, ჩემთვის ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება სადღაც, რადგან ვიფიქრებ, რომ სადღაც ვიღაცა მიხვდა, რომ რუსულმა კანონმა შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას და გადაწყვიტოს ბედი "ოცნებისა" მომავალ არჩევნებზე", - ამბობს ნინო ზურიაშვილი. 

რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.

მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.  მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია. 

"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.

ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.