რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება
"პირველების" ინფორმაციით, რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 29 აგვისტოს გაიმართება.
მოსამართლეთა სამუშაო მაგიდაზე ახლა ოთხი საჩივარი დევს - ოთხივე მათგანი ერთ სხდომაზე განიხილება. რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს პრეზიდენტი, ოპოზიცია პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია. მოპასუხე მხარე კი ამავე კანონის მიმღები ხელუსუფლება იქნება. ახლა ყველაფერი მოსამართლეთა პლენუმის ხელშია.
"პირველების" ინფორმაციით, 29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე იქნება ხვიჩა კიკილაშვილი.
ხვიჩა კიკილაშვილი ის მოსამართლეა, რომელმაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ამის შემდეგ კი მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს, სწორედ ეს უჩენს სანდოობის თვალსაზრისით ეჭვებს ეკა ბესელიას, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, პრეზიდენტის წარმომადგენელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში.
ბესელია იმედოვნებს, რომ მოსამართლეები კარგად გაიაზრებენ, თუ რას ნიშნავს ამ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება.
პრეზიდენტისთვის, როგორც ამ სარჩელის ავტორისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და ის პირველად სწორედ ამიტომ გახდა საკონსტიტუციო სარჩელის ავტორიც, რაც შეეხება მოსამართლეს, რომელსაც დაეწერა ეს საქმე, მე წინასწარ არ გავაკეთებ ჯერ არანაირ კომენტარს, თუმცა კითხვები რომ ამ მოსამართლის შვილი მეორე დღეს, იმპიჩმენტის ცნობილი გადაწყვეტილებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს გადაწყვეტილება, სანდოობის თვალსაზრისით ერთ-ერთიი მკაფიო მაგალითია, რომელიც აშკარად იძლევა გარიგების და წინასწარი პოლიტიკური შეთანხმების სურათს, მაგრამ მე თავს შევიკავებ და წინასწარ არ გავაკეთებ რაიმე სურათს. მე ვისურვებ, რომ ყველა მოსამართლემ კარგად გაიაზროს და მე იმედი მაქვს კარგად გაიაზრებს, თუ რას ნიშნავს ამ საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება", - ამბობს ეკა ბესელია.