"ოცნებამ" მოსამართლეთა კორპუსს სიგნალი გაუგზავნა და ამ გზით ცდილობს, სისტემაზე გავლენა მოახდინოს - ჯანეზაშვილი
"ოცნება" სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს - ასე აფასებს "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი, ნაზი ჯანეზაშვილი ივანიშვილის გუნდის მიერ მიტანილ იერიშს მოსამართლე ეკა არეშიძეზე.
მესამე სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსული კანონის მიმღებმა ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოსამართლეთა კორპუსს სიგნალი გაუგზავნა და სწორედ ამ გზით შეეცადა, მართლმსაჯულების სისტემაზე სრული გავლენის დამყარებას.
ამასთან, ნაზი ჯანეზაშვილი საგამოძიებო უწყებას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ფატობრივად, მათ დადეს პირდაპირი მტკიცებულება, რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენას ცდილობენ ამ გზით. არავის არ აქვს იმის უფლება, რომ მოსამართლეს მოსთხოვოს ანგარიში. ეს განცხადება სწორედ ანგარიშის მოთხოვნას ჰგავს. ასეთ დროს უნდა ხდებოდეს სამართლებრივი რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან. მათ მესიჯი გაუგზავნეს მოსამართლეთა კორპუსს წინასაარჩევნო პერიოდში და ამ გზით ცდილობენ, რომ მთლიანად გავლენა მოახდინონ სისტემაზე", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.
ცნობისთვის, მმართველი პარტიის მიერ გუშინ, 20 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნახსენებია 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა, რომელსაც საპროტესტო აქციები და მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესები მოჰყვა, მათ შორის, მაშინდელი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომა.
„ქართული ოცნება” აცხადებს, რომ ეკა არეშიძემ გამოიტანა საეჭვო გადაწყვეტილება, რამაც „რევოლუციური პროცესები“ განაპირობა.
მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ „მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია”.
ეკა არეშიძე ერთ-ერთია იმ 5 მოსამართლეს შორის, რომელმაც 2022 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში შეტანილი ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.