საქმეების აღძვრა პროკურატურაში - "ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს

23.08.24 12:58
საქმეების აღძვრა პროკურატურაში - "ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს

"ოცნება" ოპოზიციის მანდატების გაუქმებას ძალოვანების დახმარებით გეგმავს - პარტიები, ვინც პარლამენტში იქნება, ირაკლი კობახიძე ყველას წინააღმდეგ ან პროკურაუტრაში ან საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესების წარმართვას აანონსებს.

ახალი გეგმა დღეს ქვეყნის პრემიერმა პირადად გაახმოვანა.

გეგმის მიხედვით, "ლელოს" წინააღმდეგ პროკურატურაში ახალი საქმე დაიწყება, გახარიას წინააღდეგაც იქნება ახალი საქმე, რაც მათი მანდატების გაუქმების მიზეზი გახდება.

რეალურად, სუბიექტების მრავალრიცხოვნება არც გვაქვს. არის თვითონ „ნაცმოძრაობა“, რომელშიც შედის დამატებით რამდენიმე პარტია, ერთად გადიან ამ არჩევნებში. ასევე, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ განეკუთვნება „ახალი“, „გირჩი“, „დროა“. ყველა ამ პოლიტიკოსს, ლიდერს, წარსული დაკავშირებული აქვს „ნაცმოძრაობასთან“ და ყველა ამ პოლიტიკოსს აქვს აწმყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“.

"ლელო", რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ბიზნესის რეკეტში და ეს უნდა იყოს გამოძიების ერთ-ერთი საგანი, პირდაპირ, ნაცმოძრაობის რეჟიმთან ერთად ამ პოლიტიკური ძალის ლიდერები იყვნენ ჩართული ბიზნესის რეკეტში, რაზეც ასევე უნდა აღსრულდეს სამართალი. თქვენ იცით კონსტანტას საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები, მაგნატის საქმესთან დაკავშირებული ბრალდებები, ელიტელექტრონიქსთან დაკავშირებული ბრალდებები და ა.შ.. პირდაპირ ღამით ხდებოდა ბიზნესების გადაფორმება და სესხის ხელოვნურად აღება ბანკების მეშვეობით.

გახარია, რომელსაც აქვს შექმნილი კოალიცია ნაცმოძრაობასთან 4 მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ-პოლიტიკურ ძალასთან. შეიძლება, პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, რაზეც ჩვენ საჩივარი შეიძლება, მოვამზადოთ. შეიძლება, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას. შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში აღიძრას შესაბამისი პროცესი. რეალურად, ყველა ეს სუბიექტი არის ერთი პოლიტიკური ძალა.

მე ვფქირობ, რომ თუ საქმე ეხება სარჩელს, პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების შეწყვეტაც. ამიტომ, სამართლებრივი საჩივარი, თუ სარჩელი იქნება სათანადოდ დასაბუთებული და დამტკიცდება, რომ კონკრეტული ძალები ერთად, კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთად ემსახურება დანაშაულებრივ საქმიანობას", - ამბობს კობახიძე.