პრემიერი: "პარლამენტში 2 სუბიექტი შევა - "ოცნება" და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება"
საქართველოს პრემიერი აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, პარლამენტში, მხოლოდ და მხოლოდ, ორი პარტია მოხვდება.
კობახიძის თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო "ქართული ოცნებითა" და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანებით დაკომპლექტდება.
რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერი ირწმუნება, რომ ოპოზიციური ველის გაუქმება და ხელისუფლების მოწინააღმდეგეებისთვის მანდატის შეჩერება ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა და დემოკრატიულ პროცესს არ ეწინააღმდეგება.
მაღალი ალბათობით, მაინც 2 სუბიექტი შევა შემდეგ პარლამენტში. ეს იქნება „ქართული ოცნება“ და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება. დანარჩენს საზოგადოება გადაწყვეტს, როგორ გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესები. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო, სწორედ მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს.
რაც შეეხება დამნაშავე პარტიების აკრძალვას, ეს არის მიღებული პრაქტიკა, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში. თქვენ იცით, რომ მოლდოვასა და უკრაინაში აიკრძალა პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად ეს არის აპრობირებული პრაქტიკა. მოლდოვის პარლამენტი დღეს, პრაქტიკულად, ერთპარტიულია, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. არაფერი ხდება ასეთ დროს. მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში,ისე უკრაინაში.
მანდატების გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმება. არ შეიძლება, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი.
პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც "ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პრინციპული", - ამბობს პრემიერი.